დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2014
საქმის ნომერი
1032აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1032აგ-13 4 მარტი, 2014 წელი

ო-ი ბ.- 1032აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით ბ. ო-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 7 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა ბ. ო-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ო-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა ამნისტიით, შესაბამისად, არის ნასამართლობის არმქონე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების მიხედვით ბ. ო-ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სასჯელისაგან ამნისტიით გათავისუფლებისა და, შესაბამისად, ნასამართლობის არმქონედ მიჩნევის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირადი საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით, რომელიც დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ბ. ო-ი გათავისუფლდა ამავე სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 18 დეკემბრიდან. ბ. ო-ი ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, სრულად არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან (ერთი ეპიზოდისათვის გათავისუფლდა, ხოლო მეორე ეპიზოდისათვის შეუმცირდა ერთი მეოთხედით), მას ფაქტობრივად ამნისტიით შემცირებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბ. ო-ის ნასამართლობის არმქონედ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ბ. ო-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენი ბ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი