დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-361-759-06 17 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ყ-ძის წარმომადგენლების: ლ. ყ-ძისა და ნ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. ე-იანსა და ვ. გ-იანს სოლიდარულად დაეკისრათ მათი შვილის _ ა. გ-იანის მიერ ლ. ყ-ძისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1316 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეებს უარი ეთქვათ აღნიშნული თანხის სოლიდარულად დაკისრებაზე ა. და ე. გ-იანებისთვის უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ე-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ‚ გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ე. ე-იანისა და ვ. გ-იანისათვის სოლიდარულად მათი შვილის _ ა. გ-იანის მიერ ლ. ყ-ძისათვის მიყენებული 1316 ლარის ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ე. ე-იანსა და ვ. გ-იანს სოლიდარულად დაეკისრათ მათი შვილის _ ა. გ-იანის მიერ ლ. ყ-ძისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება _ 790 ლარის ოდენობით.
2004წ. 12 ივლისს ე. გ-იანმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გლდანის რაიონის შ.ს სამმართველომ 1999წ. 18 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ყალბია. ამასთან, სინამდვილეს არ შეესაბამება ნ. მ-შვილის მტკიცება იმის შესახებ, რომ მასაჟის კურსში გადახდილი აქვს 500 ლარი, სინამდვილეში მასაჟის კურსში გადახდილია 60 ლარი, რომლის დასადასტურებლადაც განმცხადებელმა წარმოადგინა მასაჟისტ მ. პ-შვილის ახსნა-განმარტება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ე. გ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 30 ნოემბერს განცხადებით მიმართა ლ. ყ-ძემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება, კერძოდ, ვ. გ-იანის მაგივრად ვ. გ-იანის მითითება, ასევე‚ მოითხოვა კრედიტორთა სიაში ლ. ყ-ძესთან ერთად მითითებული ყოფილიყო მამამისი _ ლ. ყ-ძე.
სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 15 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სახელი «ვ. გ-იანი” შეიცვალა სატყვებით «ვ. გ-იანი” და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელის დუბლიკატი.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება. მისი განმარტებით, აღნიშნულ განჩინებით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები‚ კერძოდ:
გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კონსტიტუციით აღიარებული ეროვნული თანასწორობის უხეში უგულველყოფით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილ იქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ ემყარება არანაირ იურიდიულ ფაქტებს, რასაც მოჰყვა უარყოფითი და უსაფუძვლო შედეგი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად დაცვის უფლება გარანტირებულია, ხოლო ჩვენ არ მოგვცეს იმის უფლება, რომ ჩვენი თავი დაგვეცვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ივნისის განჩინებით ე. გ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები..
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ლ. ყ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ყ-ძემ სრულიად კანონიერად მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში უსწორობის გასწორების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული დაცვით დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული განცხადება, ხოლო რაც შეეხება კერძო საჩივარს, მისი ავტორი არ უთითებს არც სამართლებრივ ნორმებს და არც საფუძვლებს, რომლის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.