დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nბს-1365(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე) – ზ. მ-ი (მ. მ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
თავდაპირველი მოპასუხე - დმანისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - გ. მ-ა, რ. მ-ი
გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 25 ივნისს მ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირების: რ. მ-ის და გ. მ-ას მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 24 იანვარს, მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე. სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნაზე, მესამე პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს.კ ...) დადგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მესამე პირებს, უძრავი ქონება რეგისტრირებული აქვთ N92 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აქტის შედგენის თარიღია 26.03.1998წ, რაც შეუსაბამოა, ვინაიდან სადავო ქონება, საარქივო ცნობით, მოსარჩელის კომლის ქონებაა, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. მესამე პირებს, საარქივო ცნობის საფუძველზე, ასევე საკუთრებაში აქვთ 0,14 ჰა მიწის ნაკვეთი და სახლი 183, 3 კვ.მ (ს/კ ...). მესამე პირების საარქივო ცნობაში არ ფიქსირდება სადავო ქონება. ამასთან, იმ პერიოდისთვის მოქმედი კანონით, კომლს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი შეიძლებოდა ჰქონოდა.
ამდენად, მოსარჩელემ დმანისის რაიონის სოფ. ...ს საკრებულოს 1998 წლის 26 მარტის N92 მიღება-ჩაბარების აქტის, 2000 წლის 11 სექტემბრის N11791/00 მიწის სააღრიცხვო ბარათის (მესაკუთრე: მუ. ხ.-ს ძე მ-ის ოჯახი, ს.კ. ...), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 22 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) და 2016 წლის 12 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ რ. მ-ი და გ. მ-ა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინებით საქმეზე 1 წლის ვადით შეჩერდა საქმის წარმოება, მოსარჩელე - მ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზ. მ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს: 2000 წლის 11 სექტემბრის N11791/00 მიწის სააღრიცხვო ბარათი (მესაკუთრე: მუ. ხ.-ს ძე მ-ის ოჯახი, ს.კ. ..., 5874.65 კვ.მ.); 2012 წლის 22 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება; 2016 წლის 12 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით ზ. მ-ის (მ. მ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტი აკმაყოფილებს ხსენებული საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მის მფლობელს უქმნის მართლზომიერ მოლოდინს იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით მოპოვებულ საკუთრების უფლებას დაირეგისტრირებს საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მეორე პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების მე-10 პუნქტზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული დმანისის რაიონის სოფ. ...ს 26.03.1998წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №92 აქტით დაცულია მისი გამოცემის ფორმალური საფუძვლები, კერძოდ მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი, დამოწმებულია ბეჭდით, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების და ნაკვეთის მიმღები პირის მიერ. ამასთან, აქტი შეიცავს მითითებს 5 ეგზემპლარად შედგენის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით საკუთრების უფლების რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას. უძრავ ქონებაზე დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ გამორიცხავს შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას. თუმცა, რეგისტრაციის დაზუსტების ფარგლებში, დაუშვებელია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს საკუთრების უფლების შინაარსის სახეცვლილებას და რეგისტრაციას, სხვისი საკუთრების უფლების ხარჯზე. ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე პირის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც რეალურად წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, არ იძლევა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, საქმეში არსებული სხვა მასალები არ იძლევა იმ გარემოების დადასტურების შესაძლებლობას, რომ სწორედ მესამე პირისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქმეში არსებული დოკუმენტაციით ვერ დგინდება, მესამე პირის ინტერესში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთები. იდენტიფიცირებული არ არის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. მარეგისტრირებელმა ორგანომ მესამე პირთა სახელზე საკუთრების როგორც დაუზუსტებული, ასევე დაზუსტებული რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მხოლოდ მათ მითითებებზე დაყრდნობით განახორციელა. მიწის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტს არ ეყრდნობა. მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები, ამასთანავე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ზემოაღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განჩინება იურიდიულად საკმარისად დააბუთებული არ არის. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტი ყალბია, მისი სიყალბის დასადგენად არ არსებობს ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული აქტის გამომცემი ორგანო-სოფელ ...ს საკრებულო არც ამჟამად არსებობს და არც არასდროს უარსებია. გასაჩივრებული აქტის მიღების საფუძვლად მითითებული სოფელ ...ს საკრებულოს 1995 წლის 17 აგვისტოს N2 დადგენილება გამოთხოვილ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან, თუმცა დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის (მ. მ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სოფ. ...ს საკრებულოს 1998 წლის 26 მარტის N92 მიღება-ჩაბარების აქტის, 2000 წლის 11 სექტემბრის N11791/00 მიწის სააღრიცხვო ბარათის (მესაკუთრე: მუ. ხ.-ს ძე მ-ის ოჯახი, ს.კ. ...), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 22 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 სექტემბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 11.09.2000წ. N11791/00 მიწის სააღრიცხვო ბარათი და მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ზ. მ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით ზ. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ხაზგასასმელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-იმა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კერძოდ, დმანისის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს 26.03.1998წ. N92 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2024წ. განჩინება საკასაციო საჩივრით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად ბოლნისის რაიონული სასამართლოს 11.10.2022წ. გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სოფ. ...ს საკრებულოს 1998 წლის 26 მარტის N92 მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების საკითხი.
სსიპ ეროვნული არქივის 27.07.16წ AA2016058912-03 საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცულ დმანისის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია მ. მ. ხ. ო-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1986-1990 წლებში, 1978 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის 183,3 კვ,მ საერთო სასარგებლო (მათ შორის 170 კვ.მ საცხოვრებელი) ფართი (1991-1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1990 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი (გაკეთებულია ჩანაწერი 0,48) (1991-1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება).
დმანისის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 1997-2009 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია მ. მ. ხ. ო-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1997 წელს, 1978 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი 183,3 კვ.მ, საერთო სასრგებლო (მათ შორის 170 კვ.მ საცხოვრებელი) ფართი (1998-2009 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1997 წელს 48 (დოკუმენტში ასეა) მიწის ფართობი (1998-2009 წლების მონაცემები არ ფიქსირდება).
დმანისის რაიონის სოფ. ...ს 26.03.1998წ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N92 აქტის თანახმად, მ-ი მ. ხ.-ს ძის სარგებლობაში გამოყოფილი მიწების ფართი შედგენს 0.77 ჰა-ს, ერთ ნაკვეთად, კერძოდ, სახლთან 0.63 ჰა და 0.14 ჰა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: სოფელ ...ს საკრებულოს 17.08.1995 წლის N2 დადგენილება.
2012 წლის 20 სექტემბერს მ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 22 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ. მ-იის განცხადება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების შედეგად: უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - ს.კ ....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 12 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. მ-ას განცხადება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების შედეგად: უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ... (წინა ს.კ. ...), ფართი 3546 კვ.მ. გაიცა ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. უძრავი ნივთის მესაკუთრეებად მიეთითა: გ. მ-ა და რ. მ-ი. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N92.
2017 წლის 24 იანვარს მ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.01.2017წ. N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო მოთხოვნასა და უძრავ ნივთს, ს.კ. ... (მესაკუთრეები: რ. მ-ი და გ. მ-ა), შორის დადგინდა ზედდება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.03.17წ N... გადაწყვეტილებით, მ. მ-ის სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს მესამე პირების სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის - სოფ. ...ს საკრებულოს 1998 წლის 26 მარტის N92 მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა დამტკიცდა „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით, დანართის შესაბამისად. დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი მიჩნეულ იქნა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძვლად. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ" დებულების მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდეგ თითოეულ პიროვნებაზე დგებოდა ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად. აქტს ხელს აწერდნენ სოფლის გამგეობის და მეურნეობის/სასოფლო-სამეურნეო საწარმოს/ხელმძღვანელი, აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლეოდათ მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას/გამგებელს/, მიწის გამომყოფი რაიონის გამგეობას, "ს...ს" და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს. მითითებული დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იღებდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 06 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
"საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონზე. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი) მიჩნეულია საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი.
საგულისხმოა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას დაშვებული ხარვეზები იმთავითვე არ გამორიცხავს უფლების დამდგენ დოკუმენტად მის აღიარებას. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ ნორმების შესაბამისად ცალსახაა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მის მფლობელს უქმნის მართლზომიერ მოლოდინს იმისა, რომ მოახდენს მიღება-ჩაბარების აქტით მოპოვებული საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული დმანისის რაიონის სოფ. ...ს 26.03.1998წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №92 აქტში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი, დამოწმებულია ბეჭდით, ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების და ნაკვეთის მიმღები პირის მიერ. ამასთან, აქტი შეიცავს მითითებას მისი 5 ეგზემპლარად შედგენის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტი შეიცავს მისთვის სავალდებულო ყველა რეკვიზიტს, რაც N92 მიღება-ჩაბარების აქტის ფორმალურ კანონიერებას ადასტურებს.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი სახელდება საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს შორის.
საგულისხმოა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48, 1992 წლის 6 თებერვლის N128 და 1992 წლის 10 მარტის N290 დადგენილებებით განისაზღვრა მოქალაქეთათვის მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი მიწის ზღვრული ნორმები ბარში და ზეგანზე: სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის - 1 ჰექტრამდე, ხოლო სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის - 0,75 ჰექტრამდე. განსახილველ შემთხვევაში, მ. მ-ის გადაცემული ჰქონდა 0,77 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც არ აღემატება შესაბამისი მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული, მოქალაქისათვის გადასაცემი ფართების მაქსიმალურ ოდენობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. საგულისხმოა, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სოფ. ...ს საკრებულოს 1998 წლის 26 მარტის N92 მიღება-ჩაბარების აქტი ყალბია, რადგან აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება რაიმე სახის მტკიცებულებას, მხოლოდ მოსაზრება გამომცემი ორგანოს არასათანადოობასთან დაკავშირებით კი არ ქმნის შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დადგენის საკმარის საფუძველს. უდავოა, რომ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის, დოკუმენტი ძალაშია და შეიცავს მისი შედგენის დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ მონაცემებს. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა აღიარა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გამცემი ორგანოს - სოფელ ...ს საკრებულოს არარსებობის ფაქტი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.
საქმეში დაცული საქართველოს ეროვნული არქივის 14.07.2022წ. წერილით ირკვევა, რომ დმანისის რაიონის სოფელ ...ს (...ს) საკრებულოს 1995 წლის ოქმები და 1998 წლის მიღება-ჩაბარების აქტები ქვემო-ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ისინი მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მოეძიებინათ აღნიშნული საკრებულოს 1995 წლის 17 აგვისტოს N2 დადგენილების ასლი და მუ. ხ.-ს ძე მ-ის სახელზე გაცემული 26.03.1998 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 7.05.2019წ. წერილით, სოფელ ...ს 17.08.1995წ. N2 დადგენილება და მ. მ-იის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტები ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში არ ინახება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოფ. ...ს საკრებულოს 1998 წლის 26 მარტის N92 მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის საფუძვლის სოფელ ...ს საკრებულოს 17.08.1995 წლის N2 დადგენილების მატერიალური სახით მოუძიებლობა უპირობოდ ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის დამასტურებლად ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მესამე პირების უფლებისდამდგენი დოკუმენტი მისი გამოცემის მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ნ-ის (პ/ნ ...) ზ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 16.01.2025წ. N25515165205 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ნ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ზ. მ-ის (მ. მ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება;
3. დ. ნ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 16.01.2025წ. N25515165205 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა