დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.03.2014
საქმის ნომერი
1209აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1209აგ-13 18 მარტი, 2014 წელი

გ-ი გ.- 1209აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.

გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 22 აგვისტოდან იმავე წლის 5 სექტემბრამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით გ. გ-ი, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით, 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 11 თვისა და 16 დღის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

გ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 16 ნოემბრიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლით, 11 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 8 თვისა და 19 დღის გამოსაცდელი ვადით.

გ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 16 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 181-ე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით, 8 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 ნოემბრიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში გ. გ-ს სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გ. გ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი