დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1235აგ-13 17 მარტი, 2014 წელი
ბ-ი ი.- 1235აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ი. ბ-ი, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით;
მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ი. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და ი. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ი. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ი. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 8 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ი. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
ი. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 8 აგვისტოდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ი. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ი. ბ-ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულის (სსკ-ის 177-ე მუხლი) ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ი. ბ-ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი ი. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი