დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1237აგ-13 17 მარტი, 2014 წელი
ც-ი გ.- 1237აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით გ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით.
გ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 5 სექტემბრიდან იმავე წლის 28 სექტემბრამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გ. ც-ი, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ც-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ც-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 11 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ც-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 20 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ც-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
გ. ც-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 20 აგვისტოდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ც-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის შემსუბუქება. ამასთან, მიუთითა, რომ პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მთლიანად გათავისუფლდა ამნისტიით, შესაბამისად, არ აქვს დანაშაულის რეციდივი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. ც-ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულის (სსკ-ის 19,177-ე მუხლი) ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის მითითებას ამნისტიის შედეგად პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების გამო დანაშაულის რეციდივის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს გ. ც-ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს ბოლო დანაშაულებთან მიმართებით გ. ც-ის ნასამართლობის არმქონედ მიჩნევისა და დანაშაულის რეციდივის არარსებობის დადგენის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, მსჯავრდებულის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა არ იზიარებს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გ. ც-ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი გ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი