დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.03.2014
საქმის ნომერი
1270აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1270აგ-13 14 მარტი, 2014 წელი

ჭ-ა გ., 1270აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენით გ. ჭ-ა, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით გ. ჭ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჭ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 10 თვე და 15 დღე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა გ. ჭ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჭ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენი და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ჭ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით.

მსჯავრდებულ გ. ჭ-ას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი გ. ჭ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე