დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 03.07.2006
საქმის ნომერი
ას-5-457-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-5-457-06 3 ივლისი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი – შპს «ს. ე-მა» (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ი. ფ-ური

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ე-ა» (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებები

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

კერძო საჩივრების ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. ე-მამ» 2005 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს «ე-ას» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ძირითადი დავალიანების 56676,30 ლარისა და საურავის 93,459 ლარის, სულ 150135 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ს. ე-მის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს «ე-ას» მოსარჩელე შპს «ს. ე-მის» სასარგებლოდ დაეკისრა 37568 ლარის გადახდა; შპს «ს. ე-მას» საურავის 46568,10 ლარის გადახდაზე ეთქვა უარი.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ს. ე-მის» წარმომადგენელმა.

შპს «ს. ე-მის» წარმომადგენელმა 2005 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს «ე-ის» საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება და შპს «ე-ის» ანგარიშებიდან ამონაწერების გამოთხოვა. განმცხადებლის მითითებით, შპს «ე-ას» გააჩნია მისი დავალიანება, რაც დადასტურებულია სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებულია სააპელაციო წესით. მოპასუხის ქონება, მათ შორის, საბანკო ანგარიშები დაყადაღებული იყო, საბანკო ანგარიში გათავისუფლდა ყადაღისაგან მოპასუხის კერძო საჩივრის საფუძველზე. ეს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. განმცხადებლის მითითებით, იგი ითხოვს საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებას იმ საფუძვლით, რომ შესაძლებელი გახდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შპს «ს. ე-მის» განცხადება შპს «ე-ის» საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ს. ე-მის» მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა შპს «ე-ას» მიადგეს ზიანი, რაც იმაში გამოიხატება, რომ შესაბამისი სარჩელის განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივად, საბანკო ანგარიშების გაყინვა კი გამოიწვევს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას, გადასახადების გადაუხდელობას.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს «ს. ე-მა» ვალდებულია მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გარანტიის სახით წარმოადგინოს ანაზღაურების უზრუნველსაყოფად სასამართლო დეპოზიტზე შესაბამისი ოდენობის თანხა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ს. ე-მის» წარმომადგენელმა ი. ფ-ურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს «ე-ის» ანგარიშზე ყადაღის დადება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს «ს. ე-მის» სარჩელის საერთო მოთხოვნა აღემატება 84000 ლარს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით მათი სარჩელი უზრუნველყოფილი დარჩა მხოლოდ შპს «ე-ის» ლიცენზიაში მითითებული ქონების დაყადაღებით, რაც 2001 წლის საბალანსო ღირებულებით შეადგენდა 58582 ლარს, დღეისათვის მისი საბალანსო ღირებულება კიდევ უფრო მცირეა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ ერთი მხარის – შპს «ე-ის» ინტერესები, კერძოდ, ის, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ზიანი მიდგომოდა შპს «ე-ას» და არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს «ე-ა» წარმოადგენდა კერძო ლიცენზიანტს, ხოლო შპს «ს. ე-მა» კი სახელმწიფო ენერგეტიკულ საწარმოს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით; ამ საწარმოს მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს «ს. ე-მის» გენერალური დირექტორის ბრაიან გრონლის განცხადების საფუძველზე გაკოტრების საქმის გახსნა გადავადებულ იქნა 18 თვით, რათა აღნიშნულ ვადაში მოხდეს საწარმოს რეაბილიტაცია, კრედიტორთა დავალიანების გასტუმრება, რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მის უსწრაფეს უზრუნველყოფასთან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, განიხილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. განცხადება შეტანილ იქნა 2005 წლის 5 ივლისს, ყადაღის დადებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გამოტანილ იქნა 2005 წლის 29 აგვისტოს, რითაც უხეშად დაირღვა საპროცესო ნორმა. მისი მითითებით, მოსამართლე გასცდა თავის უფლებამოსილებას და მხარის მოთხოვნის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის შესახებ და ისე დაავალდებულა მხარე გარანტიის სახით შეეტანა სასამართლო დეპოზიტზე თანხა, რომ არ განსაზღვრა არც თანხის ოდენობა და არც სასამართლო დეპოზიტის ანგარიშის ნომერი მიუთითა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს «ს. ე-მას» სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღე. მითითებული განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

იმის გამო, რომ აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს «ს. ე-მის» წარმომადგენლის ი. ფ-ურის სააპელაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან აპელანტს არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა შპს «ს. ე-მის» წარმომადგენლის ი. ფ-ურის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან შპს «ს. ე-მის» სააპელაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი, სააპელაციო საჩივრის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

შპს «ს. ე-მის» წარმომადგენელმა ი. ფ-ურმა 2005 წლის 25 ნოემბერს წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 1397 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე ორგანიზაციას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ვადაშია წარმოდგენილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ს. ე-მის» წარმომადგენელმა ი. ფ-ურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში არასწორადაა მითითებული, რომ მათ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდათ 2005 წლის 26 ოქტომბერს და ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2005 წლის 10 ნოემბრამდე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათ სააპელაციო პალატის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდათ 2005 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად მათ ვადა ჰქონდათ 26 ნოემბრამდე. მათ მიერ განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ თანდართული დოკუმენტებით გადმოგზავნილ იქნა 2005 წლის 24 ნოემბერს, განჩინებაში მითითებულ რეკვიზიტებზე სახელმწიფო ბაჟი გადარიცხულ იქნა 2005 წლის 14 ნოემბერს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათ დაცული აქვთ ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. ე-მის» წარმომადგენლის ი. ფ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმესთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება ჩაბარდა არა 2005 წლის 10 ნოემბერს, არამედ 2005 წლის 26 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე ჩაბარების დასტურით. შპს «ს. ე-მის» მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟი 1397 ლარი ჩარიცხული იქნა სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული და კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ს. ე-მის» კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად (ს.ფ. 171-173). ზემოხსენებული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2005 წლის 26 ოქტომბერს (ს.ფ. 176), მაგრამ აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმის გამო, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი (ს.ფ. 177-179).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

აპელანტმა მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების განჩინება ჩაბარდა 2005 წლის 10 ნოემბერს (ს.ფ. 180).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაიბარა 2005 წლის 10 ნოემბერს, რადგან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ შპს «ს. ე-მას» სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2005 წლის 26 ოქტომბერს (ს.ფ. 176). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2005 წლის 10 ნოემბერს, აპელანტს კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილი აქვს 2005 წლის 25 ნოემბერს, ანუ 15 დღიანი ვადის დარღვევით. დადგენილია ასევე, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ჩაბარების შემდეგ სასამართლოსათვის განცხადებით არ მიუმართავს და არ მოუთხოვია ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ რადგან შპს «ს. ე-მის» სააპელაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი, ამიტომ სარჩელის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს «ს. ე-მის» სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული, ასევე სწორად ეთქვა უარი მის კერძო საჩივარს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. ე-მის» წარმომადგენლის ი. ფ-ურის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.