დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.03.2014
საქმის ნომერი
1284აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1284აგ-13 24 მარტი, 2014 წელი

დ-ე გ.-1284აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენით გ. დ-ე, –ნასამართლევი (თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე, 187-ე მუხლებით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით – 8 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2500 ლარი ჯარიმა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 2500 ლარი ჯარიმა და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 16 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. დ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა გ. დ-ემ შუამდგომლობებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 წელი, ასევე – სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ჯარიმა – 2500 ლარის ოდენობით და გ. დ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 2500 ლარი ჯარიმა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. დ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის შემსუბუქებას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ შემთხვევაში, გ. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. დ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი გ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე