საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2014
საქმის ნომერი
2კ-165აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №165აპ-13 ქ. თბილისი

დ-ი ი.-165აპ-13. 28 აპრილი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის განაჩენით ი. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 2-2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ი. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 200000 ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: ო. ჭ-ი, ბ. რ-ე, ვ. მ-ი, გ. ღ-ი, ე. ი-ი, ი. დ-ე, თ. ც-ე, ვ. ს-ე, გ. ხ-ა, ა. ც-ე, ვ. გ-ი.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ი. დ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) მიესაჯა 2-2 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი. ცნობად იქნა მიღებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონისა და პარლამენტის დადგენილების საფუძველზე ი. დ-ი გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისაგან; მასვე დაუბრუნდა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამორთმეული ქონება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ი. დ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე