დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.05.2025
საქმის ნომერი
ბს-760(3კ-24).
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-760(3კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ი. გ-ი

კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მესამე პირი - ლ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 18 აგვისტოს ი. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილების და ი. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1043 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №8 (ყოფილი ...ს ქუჩა, ..., №...), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ი. გ-ისა (1/4) და ლ. მ-ის (3/4) სახელზე და აღნიშნულ პირებს შორის უძრავ ნივთზე, რომელზეც მიღებული იყო დადგენილება დემონტაჟის შესახებ, სასამართლოში მიმდინარეობდა დავა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის წარმოების შეწყვეტის დავალება ხანდაზმულობისა და აქტის არაუფლებამოსილი პირის მიმართ მიღების გამო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სამართალდარღვევა ჩადენილი იყო 2016 წელს, აწ. გარდაცვლილი თ. გ-ეის მიერ. ი. გ-ის მითითებით, ამჟამად შენობა-ნაგებობა იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდა და დარღვევა არ გაგრძელებულა, შესაბამისად იგი არ იყო დენადი. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თ. გ-ეს 2016 წლის 12 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც მისი მხრიდან გასაჩივრებულ იქნა, ხოლო საქმის წარმოების მიმდინარეობისას სამართალდამრღვევი პირი გარდაიცვალა, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ხოლო ადმინისტრაციული სახდელი არ ითვალისწინებდა უფლებამონაცვლეობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, №3/5233-21 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ლ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ხანდაზმულობისა და აქტის არაუფლებამოსილი პირის მიმართ მიღების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1043 ბრძანება ი. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ლ. მ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ლ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1043 ბრძანება და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენდა არა ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად მიიჩნია აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტულ ობიექტზე განხორციელებული სამუშაოები უნებართვოდ და შესაბამისად, გადაწყვიტა მათი დემონტაჟის საკითხი, არამედ მისი უფლებამოსილება, ამგვარი ვალდებულების ახალ მესაკუთრეზე გადატანასთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერი ფარგლები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ივლისს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ იქნა დადგენილება №..., რომლითაც თ. გ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს ..., №5-ში, უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება თ. გ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 მარტის №1-605 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტის №1-605 ბრძანება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით თ. გ-ეის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ეის სარჩელი დარჩა განუხილველად, ვინაიდან მოსარჩელე თ. გ-ეის უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის საქმეში ჩართვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე პირის 2021 წლის 4 მარტის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2021 წლის 7 ივნისს მიღებულ იქნა სადავო დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 ივლისის №4-1/დ956-16 №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში და გარდაცვლილი პირის - თ. გ-ეის ნაცვლად დემონტაჟის განხორციელება დაევალა უძრავი ნივთის მესაკუთრეს - ი. გ-ის.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე მითითებით აღნიშნა, რომ მითითების გაცემისა და შემდგომ მისი შესრულების შემოწმება განპირობებული იყო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენისა და მისთვის არსებული დარღვევის გამოსწორების შესაძლებლობის მიცემით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე უკვე მიღებულ დადგენილებაში ცვლილების განხორციელება მიზნად ისახავდა არსებული დარღვევის აღმოფხვრას და არა ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პირის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის სხვა სუბიექტზე დაკისრებას. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევი სუბიექტის გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო ჩანაწერი ქმნიდა მითითების გაცემისა და შემოწმების განხორციელების გარეშე, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის დემონტაჟის დავალების შესაძლებლობას.

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ი. გ-ი სამართალდამრღვევ სუბიექტად არ მიუჩნევია და მას, როგორც უძრავი ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრეს მოსთხოვა უძრავი ნივთისთვის იმ სახის დაბრუნება, რაც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე ჰქონდა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობდა დაკისრებული ვალდებულების უპირობო შესრულებას, ვინაიდან პირს, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო ამგვარი ვალდებულების არსებობის თაობაზე, უნდა ჰქონოდა შედავების შესაძლებლობა, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა შენობის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება დაქვემდებარებოდა დემონტაჟს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემისას სათანადოდ უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, მოეწვია უძრავი ნივთის მესაკუთრე, ვისი მისამართითაც ახალი აქტის გამოცემას ახორციელებდა და მიეცა მისთვის მოსაზრებების გამოთქმის, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ხანგრძლივი პერიოდის გასვლიდან გამომდინარე გამოერკვია, ხომ არ ჰქონდა ადგილი უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების ლეგალიზების მცდელობას ანდა რამდენად არსებობდა ამ დროისთვის ყველა დარღვევის მხოლოდ დემონტაჟის გზით გამოსწორების აუცილებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - ი. გ-ი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორის განმარტებით იგი წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და მის მიმართ არ უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და არ უნდა დაკისრებოდა ჯარიმა და დემონტაჟის განხორციელება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოში დავის მსვლელობისას, თუ მესაკუთრე იცვლება სხვა მესაკუთრით, ხდება ამ უკანასკნელის საქმეში უფლებამონაცვლედ ჩართვა, ხოლო პირის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას უფლებამონაცვლის დადგენამდე. იმ შემთხვევაში თუ ერთი წლის მანძილზე ვერ ან არ გამოვლინდა საქმის წარმოების გაგრძელებით დაინტერესებული პირის არსებობა, სასამართლო სარჩელს განუხილველად ტოვებს, რაც კონკრეტულ სიტუაციაში განხორციელდა კიდეც.

კასატორმა განმარტა, რომ იგი არ აპირებდა დემონტაჟის განხორციელებას, რამდენადაც ამ შემთხვევაში, მთლიანად მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაინგრეოდა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკუთრების უფლებას ართმევს მესაკუთრეს და ტოვებს ღია ცის ქვეშ, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ დემონტაჟის განხორციელება არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 2016 წელს მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-16 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ეის სარჩელი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი და აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 23 ოქტომბერს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო 2018 წლის 23 ოქტომბრიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, მის მიერ გამოცემული და კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი აღესრულებინა, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, კასატორმა არ გაიზიარა მესამე პირის არგუმენტაცია 10-წლიან ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ეხებოდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას და არა ადმინისტრაციულ აქტთა აღსრულებას.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების ან მათი ნაწილის დემონტაჟის დავალების თაობაზე, რაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოვლენილი სამართალდარღვევის გამოსწორების მიზანს ემსახურება. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო სამშენებლო სამუშაოებს სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, არსებობდა სათანადო სუბიექტისთვის ზემოხსენებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალების საფუძველი. ხოლო, მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებით ზემოხსენებული უნებართვო სამუშაოების მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილის მესაკუთრისთვის დავალებასთან დაკავშირებით, კასატორმა განმარტა, რომ სწორედ უძრავი ნივთის მესაკუთრეს აქვს ფაქტობრივი ბატონობა თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რაც თავის თავში გულისხმობდა, რომ მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე, მხოლოდ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვერ მოახდენდა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს, რის გამოც, მითითებით (და მის საფუძველზე გამოცემული დადგენილებით) გათვალისწინებული პირობები აღუსრულებელი დარჩებოდა.

კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევის ფაქტზე დაიწყო სამართალწარმოება, რაც თავის თავშივე მოიცავდა მითითების გაცემას, შემოწმების აქტისა და დადგენილების მიღებას. რამდენადაც უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მიმართ უკვე აქტი მიღებული იყო და დადგენილების საფუძველზე უკანონოდ განმახორციელებელი პირი გარდაიცვალა - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, სამშენებლო კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მუნიციპალურ ინსპექციას აძლევდა შესაძლებლობას მიეღო №ც14-21 დადგენილება, რამდენადაც იმ სუბიექტის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ევალება უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ამ დავალების ვალდებულება გადადის ახალ მესაკუთრეზე (სამშენებლო კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამასთან, მერიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილება წარმოადგენდა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 ივლისის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 ნაწილის ცვლილებას, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენდა დარღვევის აღმოფხვრის საშუალებას და არა ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პირის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაერკვია, ხომ არ ჰქონდა ადგილი უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების ლეგალიზების მცდელობას, საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 მარტის №1-605 ბრძანებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალთა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №25240-6 ბრძანებით განუხილველი დარჩა თ. გ-ეის განცხადება - ქ. თბილისში, ...ს ..., №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებულ მითითებაზე ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში წარმოდგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თუმცა იმ პირობებშიც კი, თუკი იგი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე იქნებოდა წარდგენილი, ადმინისტრაციული ორგანო მას ვერ გაითვალისწინებდა, რამდენადაც იგი ეხებოდა სამართალდარღვევაზე მიღებული დადგენილების აღსრულების ეტაპზე გასათვალისწინებელ გარემოებას და არა წარმოების ეტაპზე. ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ ი. გ-ისთვის, როგორც მესაკუთრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან, შესაბამისად, მის ვალდებულებას წარმოადგენდა, უზრუნველეყო სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა და სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმებითა და სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც გამოხატულ უნდა ყოფილიყო მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული დადგენილების შესრულებასა და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №ც14-21 დადგენილების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1043 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ აისახება მითითება შესრულდა, არ შესრულდა თუ არადროულად სრულდება. დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მათ შორის მიიღოს დადგენილება დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ პირი, რომელსაც დადგენილების საფუძველზე დაევალა/დაევალებოდა უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, გარდაიცვალა, ამ დავალების შესრულების ვალდებულება გადადის შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ივლისს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ იქნა დადგენილება №..., რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თ. გ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს (ყოფ. ...) ..., №...-ში (ს/კ №...) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების (შენობა-ნაგებობის I სართულზე სარდაფში ჩასასვლელის მოწყობა; II სართულზე ფართის მიშენება ლითონის საყრდენებით, რომელიც გაცდენილია შენობა-ნაგებობის საკადასტრო საზღვრებს; II სართულზე ასასვლელ კიბესთან უნებართვოდ კაპიტალური კედლის ამოშენება და აღნიშნულ კედელში დამატებით სახლში შესასვლელი კარის ღიობის მოწყობა; შენობა-ნაგებობის I სართულზე შიდა ეზოს მხრიდან მიშენების განხორციელება და II სართულზე არსებული ღია აივნის ამოშენება კაპიტალური კედლით) განხორციელებისათვის. ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, თ. გ-ეს დაევალა დასახელებული, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ივლისის №... დადგენილება თ. გ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 მარტის №1-605 ბრძანებით იგი არ დაკმაყოფილდა, რის შემდგომ, თ. გ-ემ დასახელებული დადგენილება და ბრძანება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით თ. გ-ეის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ვინაიდან თ. გ-ეის უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის საქმეში ჩართვის მოთხოვნით არ მიუმართავს, თ. გ-ეის სარჩელი დარჩა განუხილველად.

ასევე დადგენილია, რომ ლ. მ-ის 2021 წლის 4 მარტის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2021 წლის 7 ივნისს მიღებულ იქნა სადავო დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 ივლისის №4-1/დ956-16 №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში და გარდაცვლილი პირის - თ. გ-ეის ნაცვლად დემონტაჟის განხორციელება დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №8-ის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილის მესაკუთრეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევი სუბიექტის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, შესაბამისი უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე/მოსარგებლე კისრულობს იმ ვალდებულების შესრულების მოვალეობას, რაც მართალია მის პირად ვალდებულებას არ წარმოადგენდა, თუმცა უძრავ ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის მოპოვებით მან დაიკავა თავდაპირველი მესაკუთრის ადგილი და კანონისმიერად გადაეკისრა უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის ვალდებულება. ანუ ადგილი აქვს ყოფილი მესაკუთრის ახალი მესაკუთრით/მოსაგებლით შეცვლას, მის ჩანაცლებას, რაც, რა თქმა უნდა, არა ფორმალურად, არამედ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე ვერ გავრცელდება სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების კანონით დადგენილი ვადა, რამეთუ კანონმდებელმა აღსრულების ვადის დასაწყისი დაუკავშირა კონკრეტულ სუბიექტს და მის მიმართ გამოცემული დადგენილების ძალაში შესვლას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობაზე, რამდენადაც მართალია ზემოაღნიშნული ქონების 1/4 ნაწილის ახალ მესაკუთრეს დაევალა უძრავი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, თუმცა მოსარჩელეს, როგორც პირს, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო ამგვარი ვალდებულების არსებობის თაობაზე, უნდა ჰქონოდა შედავების შესაძლებლობა. ამასთან, მხედველობაში იყო მისაღები საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნებიც იმის თაობაზე, თუ რა შედეგს გამოიწვევდა უძრავი ქონების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები; კერძოდ, სადავო აქტის გამოცემისას სათანადოდ უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, მოეწვია უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომლის მიმართაც ახალი აქტს გამოსცემდა და მიეცა მისთვის მოსაზრებების გამოთქმის, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. მ-ის მიერ 15.08.2024წ. №45794880 გადახდის ქვითრით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ი. გ-ის (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. მ-ის (პ/ნ: ...) მიერ 15.08.2024წ. №45794880 გადახდის ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა