დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.06.2014
საქმის ნომერი
4აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №4აგ-14 2 ივნისი, 2014 წელი

ტ-ი მ., 4აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განაჩენით მ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით მ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ. ტ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2006 წლის 6 მარტიდან 2006 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მ. ტ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ. ტ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2006 წლის 6 მარტიდან 2006 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლითა და 6 თვით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კი – 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დამატებული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ტ-ს მოსახდელად დარჩა 26 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 ნოემბერს მსჯავრდებულმა მ. ტ-მა და ადვოკატმა ა. ა-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განაჩენის გადასინჯვის, მ. ტ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებისა და განაჩენიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნის ამორიცხვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ტ-ისა და ადვოკატ ა. ა-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული მ. ტ-ი და ადვოკატი ა. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განაჩენის ხელახლა გადასინჯვას და ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნის ამორიცხვას იმ მოტივით, რომ საქმეში მონაწილე პროკურორმა ზ. წ-ამ 2013 წლის 18 სექტემბერს მიმართა სასამართლოს ზემოაღნიშნულ განაჩენში გასაღების ნიშნის, როგორც ტექნიკური და „გაპარული“ ხარვეზის, აღმოფხვრის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ტ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ტ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ მ. ტ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

მ. ოშხარელი