დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 24.06.2025
საქმის ნომერი
ბს-393(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-393(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ი

მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 18 აგვისტოს მ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2022 წლის 15 აგვისტოს დაკავებულ იქნა და ბრალად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მ. ჯ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და გამართლდა. მოსარჩელე დააკავეს 2022 წლის 15 აგვისტოს და 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში. მთლიანობაში პატიმრობაში გატარებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 44 დღე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით საპატიმროში ყოფნის პერიოდში გაწეული ხარჯის - 265 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 3300 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით-7.507.04 ლარის და მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ოდენობით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 2 000 ლარის, მატერიალური ზიანის სახით - ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3300 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 2.253 ანაზღაურება; მ. ჯ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის-1000 ლარის ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები მ. ჯ-ისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული საკმაოდ მძიმე შეზღუდვების არამართლზომიერება. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მ. ჯ-ისათვის წაყენებული ბრალდების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე და მიიჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად განსაზღვრა მატერიალური ზიანის ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს.

კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მსგავს საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 2 000 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ პირველივე ინსტანციის სასამართლოში იყო გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და მოსარჩელეს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოუწია 1 თვითა და რამდენიმე დღით საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ამასთან, მას არ ჰქონია ისეთი ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მას ციხეში ყოფნის დროს.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის. არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, სს საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული 3000 ლარის ადვოკატებისათვის გადახდის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო დაკავებიდან/მსჯავრდებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის #1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ მ. ჯ-ის აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 01 დეკემბრის N335237/24 წერილის მიხედვით, მ. ჯ-ი 2022 წლის 16 აგვისტოს შესახლებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწ.,,ბ’’ ქ/პ, ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მ. ჯ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და გამართლდა; მ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება-გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდა მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი მ. ჯ-ის მიმართ დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის ზემოაღნიშნული განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 2 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მითითებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და აქვს ფართო მიხედულების ფარგლები, ხოლო სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად და იქცეს ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ოდენობით თანხის ანაზღაურების დასასაბუთებელ არგუმენტად. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ #ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

მოსარჩელე მოპასუხისგან მატერიალური ზიანის სახით ითხოვს დაკავებიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მ...ს’’ დირექტორის 2022 წლის 16 აგვისტოს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მ. ჯ-ი 2020 წლის 22 აპრილიდან ნამდვილად მუშაობდა შპს ,,მ...ში’’ ...ის თანამდებობაზე. საქმეში არსებული ანგარიშიდან ამონაწერებით დადგენილია, რომ მ. ჯ-ის 2022 წლის 13 ივლისს შესრულებული სამუშაოს გამო დაერიცხა 2022 წლის ივლისის თვის ხელფასი - 1480.42 ლარი, 2022 წლის 12 აგვისტოს - 1533.69 ლარი, 2022 წლის 13 სექტემბერს, 2022 წლის 15 აგვისტომდე ნამუშევარი დღეების ნახევარი - 765 ლარის ოდენობით 2022 წლის აგვისტოს თვის მუშაობისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის განჩინების შესაბამისად, შპს ,,მ...ს’’ დირექტორის 2024 წლის 31 მაისის წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ მ. ჯ-ის შპს ,,მ...ში’’ შრომითი ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა 2022 წლის 16 აგვისტოდან. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი გახდა დასაქმებულის დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რის გამოც დასაქმებული ვერ ახერხებდა სამუშაო ადგილზე გამოცხადებას. შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის თხოვნით აღუდგა 2022 წლის 06 ნოემბრიდან. დასაქმებულის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, წერილში აღნიშნულია, რომ ის არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია გამომუშავებაზე. ყოველთვიური ანაზღაურების გამოანგარიშების მიზნებისათვის, კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნია მომდევნო თვეებში ფაქტობრივად ანაზღაურებული ხელფასის საშუალო ოდენობით იხელმძღვანელოს. შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შემდგომ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად გადახდილმა ხელფასმა შეადგინა 2022 წლის ნოემბერში 1910.40 ლარი, 2022 წლის დეკემბერში 1002,85 ლარი და 2023 წლის იანვარში 1693,1 ლარი გადასახადების ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საფუძველს მოკლებულია მოსაზრება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებასა და მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს შორის კავშირის არარსებობაზე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დაუბრუნდა იგივე პოზიციას და წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს დაახლოებით იგივე შემოსავალს მისი სამსახურში აღდგენის შემდეგაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავალი უნდა დაანგარიშდეს სწორედ მისი აღდგენიდან მომდევნო სამი თვის შემოსავლის საშუალო ოდენობით. აღნიშნული კი წარმოშობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით მიუღებელი შემოსავლის - 2 253 ლარის ანაზღაურების საფუძველს.

რაც შეეხება მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატის მომსახურების თანხის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტავს, რომ საქმეში საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც კი არ წარმოიშობოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მ. ჯ-ის ინტერესებს განსახილველ საქმეზე იცავს ადვოკატი, რომლის მომსახურებაც, თავის მხრივ, სასყიდლიანია, უდავოდ მართებულს ხდის მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში გაწეული სამართლებრივი დახმარების ინტენსივობის გათვალისწინებით კი, მართებულია დაკისრებული თანხის გონივრულ ოდენობად 1000 ლარის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ ასაბუთებს ასანაზღაურებელი თანხის (მატერიალური თუ მორალური) არაგონივრულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ დაასაბუთა მატერიალური თუ მორალური ზიანის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით ანაზღაურების უსაფუძვლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე