დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-703(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. ძ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 18 ოქტომბერს ა. ძ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2022 წლის 17 მაისს ინტერნეტ მაღაზიიდან შეიძინა მშვილდი, გადამზიდი კომპანია შპს „g...”-ის მეშვეობით. ზემოაღნიშნულმა კომპანიამ მოსარჩელეს ტელეფონით შეატყობინა, რომ მის მიერ შეძენილი ნივთი გამოიგზავნა ამანათის სახით, მინიჭებული ჰქონდა თრექინგის ნომერი, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ამანათი შეჩერდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.06.2022წ. წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა შეძენილი ნივთების გადაცემაზე, რის საფუძვლადაც მიეთითა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე კანონის მე-12 მუხლი. წერილში აღნიშნული იყო, რომ ტექნიკური მახასიათებლები საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული არ არის, რის გამოც, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო აღნიშნული საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევის შესაძლებლობას. მოსარჩელემ საბაჟო დეპარტამენტის მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის N21-10/57612 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის N23577 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დავალებოდა მისთვის გადაეცა შეძენილი ნივთი (მშვილდ-ისარი) თრექინგის ნომრით: ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ძ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის N21-10/57612 ადმინისტრაციული აქტი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის N23577 ბრძანება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა კანონით დადგენილი წესით მოსარჩელისთვის მის მიერ შეძენილი ნივთის (მშვილდ-ისარი) თრექინგის ნომრით:...; გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის N21-10/57612 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნილი საქონლის იმპორტში მოქცევაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა იმ არგუმენტაციით, რომ იარაღის ტექნიკური მახასიათებლები კანონით არ არის დადგენილი. საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის N21-10/57612 გადაწყვეტილება ა. ძ-ამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის N23577 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ არბალეტი (მშვილდ-ისარი) განეკუთვნება ისეთ იარაღს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას სამოქალაქო ბრუნვაში შეზღუდულად დაშვებულ საქონელზე, სათანადო ნებართვის არაარსებობის პირობებში განეხორციელებინა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-12, მე-141, მე-19, 22-ე და 24-ე მუხლებზე, ასევე “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ და მეორე მუხლებზე, ასევე „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N2) პირველ მუხლზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არის შემუშავებული შესაბამისი ნორმატიული წესი, ითვლება, რომ ა. ძ-ას სახელზე საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი ნივთის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება არ არის აკრძალული. ამდენად, მასზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი საბაჟო პროცედურები და ნივთი უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ნივთის - არბალეტის (მშვილდ-ისარი) თავისუფალ მიმოქცევაში დაშვება და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, სპორტული და სანადირო ცივი სასროლი იარაღი (მშვილდ-ისარი, არბალეტი და სხვა) მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის კატეგორიას. ამავე კანონის 3.3 მუხლის თანახმად, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნას იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ტექნიკური მახასიათებლები, ა. ძ-ასთვის სადავო არბალეტის გადაცემა უკანონოა. კასატორი მიუთითებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ნებართვების სახეები. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალისა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვა.
კასატორს მიიჩნია, რომ არბალეტი მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის სახეს და ცივი სასროლი იარაღის კატეგორიას, შესაბამისად, მისი თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაშვებისთვის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ნებართვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის მის მიერ გამოწერილი ნივთის - არბალეტის (მშვილდ-ისარი) გადაცემაზე, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საბაჟო პროცედურაში მოქცევაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ძ-ამ 2022 წლის 17 მაისს ინტერნეტ მაღაზია ,,...’’-ის საშუალებით შეიძინა ნივთები (მშვილდი და შესაბამისი მოწყობილობები), გადაიხადა 329.97 აშშ დოლარი, რის შესაბამისად, შეძენილ ნივთს მიენიჭა თრექინგის კოდი - N.... ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილი შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ. ა. ძ-ამ მოითხოვა მისი ნივთების დაბრუნება, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის N21-10/57612 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპორტული და სანადირო ცივი სასროლი იარაღი (მშვილდ-ისარი, არბალეტი და სხვ.) მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის კატეგორიას. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს, ასევე, კანონის 12-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დღემდე არ არის განსაზღვრული, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხორციელებინა აღნიშნული საქონლის იმპორტში მოქცევის საბაჟო პროცედურები.
საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 ივნისის N21-10/57612 გადაწყვეტილება ა. ძ-ამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის N23577 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ მშვილდ-ისარი მიეკუთვნება სამოქალაქო ცივ სასროლ იარაღთა კატეგორიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია მოსარჩელის მიერ შეძენილი ნივთის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში პირის ქცევის სახელმძღვანელოდ აღიარებულია პრინციპი, რომ „ის, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია“. განსხვავებით ადმინისტრაციული ორგანოსგან, მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ პრინციპს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის დროსაც დაეყრდნოს, კერძოდ, ის რისი ნებართვის საჭიროებაც დადგენილი არ არის, ნებადართულია.
სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლით განმტკიცებულია უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელება. ზემოხსენებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც გამოიწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საჯარო სამართალი აყალიბებს და ზღუდავს სახელმწიფოს, როგორც უზენაეს ხელისუფალს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II, 6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის განსაზღვრულობის მასშტაბზეც მიუთითებს. „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406;408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 36). განჭვრეტადობის კრიტერიუმი აბსტრაქტული ხასიათის არ არის. იგი მხოლოდ კანონის სიცხადეს არ მოითხოვს, არამედ გულისხმობს, რომ ინდივიდს, როგორც კანონის ადრესატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მთელი სიცხადით ივარაუდოს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მის ქმედებას მოჰყვება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალოგიურ სტანდარტს იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიც. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის დებულებათა განმარტებისას არაერთხელ აღნიშნა კანონის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნათა განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსაზრებით, იმისათვის, რომ კონკრეტული სამართლებრივი ჩანაწერი მიჩნეულ იქნას კანონად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს პირის მიერ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის განჭვრეტადობის შესაძლებლობასა და სამართლებრივი ჩანაწერის საკმარის სიცხადეს. Mauritius (CCPR/Co/83/Mus,2005), par. 12 ; Russian Federation (CCPR/C/RUS/Co/6,2009). Par.24; Honduras (CCPR/C/HND/CO/1,2006),par.13
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019წ. N257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N2) 1.2 მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ან ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
“იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ო” და “პ” პუნქტებით განმარტებულია ცივი იარაღისა და ცივი სასროლი იარაღის ცნებები. ცივი იარაღი განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად; ცივი სასროლი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად.
“იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენება ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს. მითითებული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სამოქალაქო იარაღი, ბ) სამხედრო-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.
ხსენებული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია სამოქალაქო იარაღად გამოყენებულ იქნეს იარაღი, რომლის მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ დღესდღეისობით ცივი იარაღის და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შემუშავებული არ არის, რასაც კასატორი საკასაციო საჩივარშიც ადასტურებს. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მოსარჩელის მიერ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვების წინააღმდეგია. საბაჟო ორგანო მოსარჩელეს აკისრებს იმ სახის ვალდებულებას, რაც საქართველოს კანონმდებლობიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს, რამეთუ ნორმატიულად ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული საბაჟო ორგანოსთვის ნებართვის წარდგენის სავალდებულობა და არ არის შემუშავებული სტანდარტი, რომელთან შესაბამისობის უზრუნველყოფაც ევალება დაინტერესებულ მხარეს. მოსარჩელე - ა. ძ-ა სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს შესაბამისი ნებართვა, რათა მას მფლობელობაში გადაეცეს ნაყიდი ნივთი.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ მკაფიო, განჭვრეტადი კანონმდებლობის შექმნის ვალდებულების ვერუზრუნველყოფის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების, როგორც ნორმათგამომყენებელი და ნორმათგანმმარტებელი ორგანოების დისკრეციის კანონისმიერი ფარგლები - განმარტონ და გამოიყენონ სამართლის ნორმა სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების სულისკვეთებით, წარმოადგენს აუცილებელ და უპირობო სტანდარტს, საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონიერი მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად (საქმე Nბს-106-99(კ-13), 25 ივნისი, 2013 წელი).
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულია ნებართვების სახეები. მითითებული მუხლის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეს გააჩნდა ნებართვის მოპოვების ვალდებულება, ვინაიდან მოქმედი ნორმატიული ბაზა მოსარჩელის მიერ შეძენილი მოძრავის ნივთის მიმართ არ ადგენს უპირობოდ ნებართვის მოპოვების იმპერატივს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სამართალშემოქმედება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება. პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი არ არის არბალეტის (მშვილდ-ისარი) შემოტანისთვის ნებართვის მიღების აუცილებლობა, სათანადო კომპეტენციის ორგანო და მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი პირი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავის კანონისმიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს მხარისათვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველი. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი პასუხისმგებლობის დაკისრება პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს განცდის, პირის კანონიერი ნდობის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის დამკვიდრების სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანას სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სპეციალური ნორმატიული მოწესრიგების არარსებობის პირობებში, ა. ძ-ას სახელზე საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი ნივთის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება არ არის აკრძალული და მასზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი საბაჟო პროცედურები და ნივთი უნდა გადაეცეს მოსარჩელეს. საკითხის მოცემული სახით გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (სუსგ Nბს-1189(კ-21), 18.05.2022წ).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა