დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.06.2015
საქმის ნომერი
111აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №111აგ-14 11 ივნისი, 2015 წელი

ჩ-ე ზ.- 111აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ჩ-ეს სასჯელად განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 12 სექტემბრიდან. იმავე განაჩენით იგი გამართლდა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენით ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ჩ-ეს სასჯელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

ზ. ჩ-ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2009 წლის 12 სექტემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განაჩენი და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება ზ. ჩ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ემ 2014 წლის 25 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლებით: ყაჩაღობის პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ზ. და მ. ა-ებმა შეცვალეს ჩვენება და ილაპარაკეს სიმართლე, რომლის დასტურადაც სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სანოტარო აქტი, როგორც ახალი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მისი უდანაშაულობა; რაც შეეხება მეორე - რ-ის ყაჩაღობის ეპიზოდს, ერთადერთი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდებოდა შემთხვევის ადგილიდან აღებული ,,ანაბეჭდის“ მისდამი კუთვნილება, არის ყალბი. მისი მითითებით, აღნიშნულს ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ზ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ იქნა დაშვებული განსახილველად.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებულებების - ექსპერტიზის დასკვნის ან მოწმეთა ჩვენებების სიყალბე, რომლებიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, უნდა დადგინდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, კასატორის მითითება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილზე, რომლის თანახმადაც, 2009 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის #... საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ შესულა დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რითაც თითქოსდა დასტურდება, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულა, უსაფუძვლოა, ვინაიდან ზ. ჩ-ის საქმეზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა სხვა საექსპერტო დაწესებულებაში - საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ სამსახურში.

4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი