დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №113აგ-14 22 ივნისი, 2015 წელი
ბ-ი ლ.- 113აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ.რ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. ბ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: ი. ვ-ს, ჯ. ა-ს, გ. გ-ს, გ. გ-ს, დ. გ-ს, გ. დ-ს, ვ. ვ-ს და სხვებს.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის დადგენილებით ლ. ბ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითად ჩათვლილი - 2 წელი და 5 თვე; შესაბამისად, საბოლოოდ ლ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 17 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 5 თვე - 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წლით, 9 თვითა და 22 დღით პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.
6. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
8. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით ლ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
9. მსჯავრდებულმა ლ. ბ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს 2007 წლის 23 ივლისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: ლ. ბ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის - ქურდული სამყაროს წევრობის ჩადენა; საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ცალმხრივად, საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად; არ დაკითხულან ლ. ბ-ის თანასაკნელები, რომელთა ჩვენებებითაც შესაძლებელი გახდებოდა იმის რეალურად გარკვევა, იყო თუ არა მსჯავრდებული ქურდული სამყაროს წევრი; შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს ლ. ბ-ის თანასაკნელების გამოკითხვის ოქმებს, რომლებითაც დასტურდება ლ. ბ-ის უდანაშაულობა. შუამდგომლობას თან ერთვის გამოკითხვის ოქმები, როგორც ახალი მტკიცებულება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
11. მსჯავრდებული ლ. ბ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ შუამდგომლობა დაშვებულ იქნეს განსახილველად იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებულია შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
4. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმები არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მათი შინაარსობრივი მხარე - ახალ ფაქტებს, ვინაიდან ამ მოწმეების არსებობა იმთავითვე ცნობილი იყო დაცვის მხარისათვის, რაც მათ უკარგავს ახალი ფაქტის ან მტკიცებულების მნიშვნელობას და არ წარმოდგენს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს.
5.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი