საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.07.2015
საქმის ნომერი
2კ-129აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №129აპ-15 ქ. თბილისი

დ-ე ნ, 129აპ-15 21 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

დაკმაყოფილდა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორების - ზ. კ-ა და მ. პ-ს შუამდგომლობები და დამტკიცდა ბრალდებულ ი. ს-ნ, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს მონაწილეობით, ასევე ბრალდებულ დ. ჩ-ნ, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ-ს მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. ჩ-ი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 13 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 იანვრიდან იმავე წლის 3 თებერვლამდე.

დ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. ჩ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ-ი, თ. მ-ს გამზირის №-ში (ზონა - ბ-ი , სექტორი - , კვარტალი - , ნაკვეთი - , საკადასტრო კოდი - ) – 10000 ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 იანვრიდან იმავე წლის 30 იანვრამდე.

ი. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ჯ. ს-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით ნ. დ-ს მიმართ დანიშნული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ განჩინებით შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ნ. დ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი