დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №50აგ-15 16 ივლისი, 2015 წელი გ-ე გ , 50აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წლით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 12 წლით, მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 1 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით: გ. გ-ს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გ. გ-ს ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მსჯავრდებულს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით შეეფარდა 20 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 10 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტები – გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის ,,კ“ და მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტებზე, რომელთა საფუძველზეც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ო“ პუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ნოემბრისა და 1 დეკემბრის განჩინებებით გ. გ-ს ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებზე; მსჯავრდებულს 5 წლით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით გ. გ-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი.
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა: გ. გ-ს ქმედება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,გ“, ,,ზ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 109-ე მუხლის ,,კ“ პუნქტიდან – 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე; გ. გ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოერიცხა სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა:
სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ადრე მოქმედი სსკ-ის 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 136-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ამდენად, წინა განაჩენით დანიშნული 20 წლიდან გ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენითა და განჩინებებით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებით დანიშნული 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შეიცვალა: გ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენის გათვალისწინებით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა გ. გ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა და სასჯელის ზომად 13 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ: განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ს დანიშნული ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა არა 20 წლის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 6 თვე და 15 დღე, არამედ - ამ მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი. ამასთან, გ. გ-ს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საბოლოო სასჯელის განახევრება არ იწვევს ამავე ზომით მოუხდელი სასჯელის ნაწილის შემცირებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული საბოლოო სასჯელის განახევრების გამო, პროპორციულად უნდა შეუმცირდეს ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული 7 წელიც და მოცემულ შემთხვევაში იგი უნდა განისაზღვროს 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთით.
გასაჩივრებული განჩინება კანონიერია ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ს დანიშნული 15 წლის ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში, რის შედეგადაც მსჯავრდებულს განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 2 წელი, 8 თვე, 28 დღე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან“.
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,გ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილიდანაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დასამატებელი ნაწილი განისაზღვროს 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთით.
ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ს დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პროპორციული წილი - 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად“.
2015 წლის 5 მაისს გ. გ-მ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენისა და 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა მის მიმართ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის ნაცვლად სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლება. მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების შემდეგ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 414-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლების იმპერატიული ხასიათის დებულებების თანახმად, მის მიმართ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი გამოყენებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის ძველი რედაქციის მოქმედების დროს, ხოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო სასჯელთა შთანთქმის წესი და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, ხოლო შედეგად დარჩენილი 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მას უკვე მოხდილი აქვს 2002 წლის 16 აპრილიდან დღემდე, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, მასში მითითებული გარემოებების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს ანალოგიური შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი გადაისინჯა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ამდენად, საკასაციო პალატა სამართლებრივად მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ ხელმეორედ იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
პ. სილაგაძე