დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.10.2015
საქმის ნომერი
34აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №34აგ-15 12 ოქტომბერი, 2015 წელი

ბ-ე ზ., 34აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 მარტის განაჩენით ზ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 135-ე მუხლით – 1 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით, ხოლო 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ზ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 30 ივნისის განჩინებით შეიცვალა: ზ. ბ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება მისი საქართველოს სსკ-ის 135-ე მუხლითა და მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების შესახებ, ასევე – მითითება ქურდობის ჩადენის გაადვილებისა და მისი ბოლომდე მიყვანის მიზნით მ. ვ-ს განზრახ მკვლელობის შესახებ; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან – მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის – ზ. ბ-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ნაწილში – დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

2015 წლის 30 მარტს მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზ. ბ-ს ქმედებაში ანგარებით მკვლელობის ნიშნები არ იკვეთება, სასამართლომ მაინც უცვლელად დატოვა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის 1- ლი ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სასჯელი თავსდებოდა 2007 წელს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში; 1998 წლის 6 აგვისტოს ზ. ბ-ე მკვლელობის იარაღითა და 4 ვაზნით საკუთარი ნებით გამოცხადდა და ჩაჰბარდა პოლიციას, თუმცა მისი დაკავება გააფორმეს, როგორც სპეცოპერაციის შედეგი და აღნიშნული, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ ვერ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 19 მარტის განკარგულებით მსჯავრდებული ზ. ბ-ე შეიწყალა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა გრძელვადიანი (24 წლით) თავისუფლების აღკვეთით, ამიტომ ეს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, ვინაიდან მას დაუდგინდა სასჯელის მოხდის კონკრეტული ვადა და სასჯელისაგან განთავისუფლების კონკრეტული დღე – 2022 წლის 6 აგვისტო; აღნიშნული გარემოება თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა ახლად გამოვლენილ გარემოებად; დღეის მდგომარეობით ზ. ბ-ე არის ვადიანი თავისუფლებააღკვეთილი პირი, რის გამოც მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ნ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმებას და მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე