დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №36აგ-15 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ა-ი გ.- 36აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენით გ. ა-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესის გამოყენებით, გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით;
გ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2006 წლის 6 ნოემბრიდან.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით, ხოლო 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წელი და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2008 წლის 6 აგვისტოდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ს ერთი მეოთხედით, პროპორციულად შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2008 წლის 6 აგვისტოდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. 2015 წლის 17 მარტს მსჯავრდებულმა გ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. მსჯავრდებულმა შუამდგომლობით ითხოვა მის მიმართ არსებული ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და სასჯელის შემსუბუქება. ასევე ზომების მიღება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის უკანონო განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითება შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებისა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისთვის სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში მითითებულ ყველა მოთხოვნაზე - გ. ა-ის მიმართ არსებული ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემცირებაზე - უკვე იმსჯელეს წინა ინსტანციის სასამართლოებმა, კერძოდ: პალატა აღნიშნავს, რომ გ. ა-მა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში და განაჩენი დარჩა უცვლელად. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე უკვე იმსჯელა გორის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად) გადაისინჯა მის მიმართ არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მიღებული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. რაც შეეხება შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნას სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ მის მიმართ არსებულ პირად საქმეში მოთავსებულია ბრძანებები, რომელთა თანახმადაც, იგი გადიოდა მკურნალობას სამკურნალო დაწესებულებაში (მათ შორის - ...-ის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში).
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი