დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.10.2015
საქმის ნომერი
39აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№39აგ-15 26 ოქტომბერი, 2015 წელი

კ-ე დ 39აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა დ. კ-ა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 273–ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დ. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი და 1 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 11 თვე და 27 დღე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 11 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის თანახმად, ავტომანქანა „მერსედეს – ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ......, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, ჩამოერთვა მსჯავრდებულ დ. კ-ს და გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

2015 წლის 16 მარტს მსჯავრდებულმა დ. კ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანა „მერსედეს–ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ....., არასოდეს ყოფილა მის საკუთრებასა და კანონიერ მფლობელობაში, იგი ეკუთვნის მ. კ-ს და, შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა მას უნდა დაუბრუნდეს. დ. კ-მ შუამდგომლობას დაურთო: საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ; სს „ტ-ნ“ გაფორმებული საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულება კრედიტის გაცემისა და სატრანსპორტო საშუალების გირავნობის შესახებ; საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხი მ. კ-ს მიმართვაზე ავტომანქანის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული დ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გადასასინჯ განაჩენს საფუძვლად დაედო დაუშვებელი მტკიცებულება, რადგან აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებებს, რომელიც საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი სასამართლოსთვის და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განჩინება მსჯავრდებულ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე