დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№54აგ-15 2 ოქტომბერი, 2015 წელი
დ-ე ნ, 54აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით ნ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 10 ივლისს კ-ე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი და 2006 წლის 19 ივლისს ე-ე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 209–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მოსახდელად განესაზღვრა: რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 10 ივლისს კ-ე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმის გარეშე; რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 19 ივლისს ე-ე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) –10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმის გარეშე; რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 209–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 69–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების გზით, საბოლოოდ ნ. დ-ს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჯარიმის გარეშე, მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 19 ივლისიდან.
2. რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს მოქალაქე ნ. დ-ე სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან გადმოიყვანეს საქართველოში და შეასახლეს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 13 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 19 ივლისიდან.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 224–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის შესაბამისად, საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ნ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2006 წლის 19 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით გასწორდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწერა: ნ. დ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 224–ე მუხლის მე–2 ნაწილით.
რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი შეესაბამება საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, ხოლო რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 209–ე მუხლის მე–2 ნაწილი - საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლის მე–2 ნაწილს.
6. 2015 წლის 5 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. დ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინების გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით შეტანილი ცვლილება დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. დ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
3. საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ, ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში (ნ. დ-ე გასამართლებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 27 აგვისტოს განაჩენით, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით შესაბამისობაშია მოყვანილი 2000 წლის 1 ივნისიდან ძალაში შესულ სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილთან. მას განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგან გათავისუფლდა 2002 წლის 18 თებერვალს. რუსეთის ფედერაციაში დანაშაულთა ჩადენის დროს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია), დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ განაჩენის დადგენისას გამოყენებული იყო სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი. მართალია, ახლად ამოქმედებული კანონით შესაძლებელია სასჯელთა შთანთქმაც, მაგრამ მისი გამოყენება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ქმედების ჩადენის მოტივის, ხერხის და მსჯავრდებულ ნ. დ-ს პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობისათვის დანიშნულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება კანონიერი და სამართლიანია, რაც შეესაბამება ახალი კანონის - სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნას.
6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილება შეამსუბუქებს მის მდგომარეობას.
7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი