დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №64აგ-15 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ს-ე ზ, 64აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 თებერვლის განაჩენით ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 17 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე ზ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ს-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გადახდილი არ იყო ამნისტიის გამოცემის დროისათვის); განაჩენი სხვა ნაწილში მის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: მსჯავრდებული ზ. ს-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით ზ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენზე არ იქნა განხილული საჩივრის უკან გათხოვნის გამო
8. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით (შეწყალების შესახებ) ზ. ს-ეს გაუნახევრდა სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
9. მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: იგი აწამეს და შს სამინისტროში უკანონოდ მოაწერინეს ხელი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე; აღიარების მიღების მიზნით სცემეს და აწამეს; საშვთა ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ იგი ფაქტობრივად დაკავებული იყო დილის 10 საათიდან, ხოლო შს სამინისტროში მიყვანის დროა 14:05 საათი, ამდენად, იგი ამ დროის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინებით ზ. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
11. მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში. ასევე მიუთითა, რომ მოსამართლეს ბინის ჩხრეკის ოქმის დაუშვებლად ცნობიასთან ერთად, ასევე დაუშვებლად უნდა ეცნო პირადი ჩხრეკის ოქმიც. მოსამართლემ განჩინებაში არ დააფიქსირა პრეზიდენტის №29/10/01 განკარგულება მისი შეწყალების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ სასამართლომ დაუშვებლად არ ცნო პირადი ჩხრეკის ოქმი და აღნიშნავს, რომ კასატორის ეს მითითება ასევე არ შეესაბამება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნულ საფუძვლებს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი