დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №153აგ-15 6 ნოემბერი, 2015 წელი
დ-ე ბ.- 153აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით ბ. დ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით, ხოლო 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესის გამოყენებით, ბ. დ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. დ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 29 თებერვლიდან.
ბ. დ-ეს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ბ. დ-ეს გაუნახევრდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაც აეთვალა 2008 წლის 29 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით ბ. დ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა 10 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დადგენილების გამოტანის დღიდან - 2009 წლის 29 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც:
მსჯავრდებული ბ. დ-ე გათავისუფლდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;
იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. დ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა - 1 წელი, 9 თვე (2008 წლის 29 თებერვლიდან - 2009 წლის 29 ნოემბრამდე) და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. დ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 ნოემბრიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. 2015 წლის 25 აგვისტოს მსჯავრდებულმა ბ. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და თავისი ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. დ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება განაჩენის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე განაჩენის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განაჩენი კანონიერად ვერ მოვიდა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან შემდეგი გარემოებების გამო: ბ. დ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს და რადგან როგორც ძველი, ისე ამჟამად მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის არ შეცვლილა არც დანაშაულის კატეგორია და არც სასჯელი. აღნიშნული კი შესაბამისად ვერ გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან გაუქმებას. რაც შეეხება კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს (გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმე ავადმყოფია) არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ხოლო რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი