დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.11.2015
საქმის ნომერი
43აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№43აგ-15 6 ნოემბერი, 2015 წელი

ხ-ი ვ, 43აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი; სსკ–ის 143–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, ხოლო დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ვ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი. ვ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 19 თებერვლიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება.

ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი; სსკ–ის 143–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის, საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ვ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 5000 ლარი. ვ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 19 თებერვლიდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ვ. ხ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განაჩენით სსკ–ის 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

ვ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 143–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და მოსახდელად განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 19 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ვ. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 143–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. ხ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 19 თებერვლიდან.

2015 წლის 17 აპრილს მსჯავრდებულმა ვ. ხ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მას არასწორად აქვს წარდგენილი საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან იგი წარსულში არ იყო ნასამართლევი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ვ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მას არასწორად აქვს წარდგენილი საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან იგი წარსულში არ იყო ნასამართლევი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს, იგი არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ამასთან, ვ. ხ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობის ჩადენაში,, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. რაც შეეხება ვ. ხ-ს მითითებას მის ნასამართლობაზე, კერძოდ იმაზე, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნული არანაირ კავშირში არაა წაყენებულ ბრალსა და დანიშნულ სასჯელთან.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე