გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1035-1228-08 23 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ა. ლ-ავა (მოსარჩელე)
2. ა. ძ-შვილი, ჯ. კ-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, 2008 წლის 23 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება
დავის საგანი _ უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ლ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. კ-ძისა და ა. ძ-შვილის მიმართ სესხის მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ა.ძ-შვილის წილიდან ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ა. ძ-შვილს აქვს ა. ლ-ავას ვალი 15 090 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხის ა.ძ-შვილისათვის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, ვინაიდან 2003 წლის 26 ნოემბერს ქ.ქუთაისში, ... 24/35-ში მდებარე ბინა ა.ძ-შვილმა გაასხვისა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბინის გაყიდვისას, ნასყიდობის ხელშეკრულების დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, ჯ.კ-ძემ თავისი განცხადებით თანხმობა მისცა მეუღლე ა.ძ-შვილს საცხოვრებელი ბინის გასხვისებაზე. ამდენად, 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის, ასევე 1169-ე მუხლის, 1170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე ა.ლ-ავას მიმართ არსებული ვალი უნდა დაიფაროს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა.ძ-შვილის კუთვნილი წილიდან.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: ქ.ქუთაისში, ... 24/36-ში მდებარე ბინა პრივატიზებულ იქნა და საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ.კ-ძის სახელზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ მითითებული ჯ.კ-ძის თანხმობა ბინის გასხვისებაზე, და ასეთი კიდევაც რომ არსებობდეს, იგი სრულიად სხვა ბინის გასხვისებას ეხება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.ძ-შვილმა სადავო თანხა ისესხა და მოახმარა არა ოჯახის ინტერესებს, არამედ მაღაზიის გარემონტებას, რის გამოც საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება სამოქალაქო კოდექსის 1169-1170-ე მუხლებზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ა. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა ა. ძ-შვილის ვალის _ 15 090 აშშ დოლარის გადახდა ჯ. კ-ძის კუთვნილი, ქ.ქუთაისში, ... 24/36-ში მდებარე ბინაში ა. ძ-შვილის 1/2-ის წილიდან, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილისა და ჯ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ა. ლ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ლ-ავას მიმართ ა. ძ-შვილის ვალის _ 15090 აშშ დოლარის ანაზღაურება დადგინდა ჯ. კ-ძის სახელზე რიცხული ქ.ქუთაისში, ... 24\36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. ძ-შვილის 1/4 წილიდან შემდეგ გარემოებათა გამო: 1966 წლის 13 იანვრიდან ჯ. კ-ძე და ა. ძ-შვილი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1992 წლის 7 ოქტომბერს ჯ. კ-ძეს პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცა ქ.ქუთაისში, ... 24\36-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის სააღსრულებო ფურცლით ა. ძ-შვილს ა. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 22 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით ა. ძ-შვილს ა. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 5090 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლები, სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლი და დაადგინა, რომ ა. ლ-ავას მიმართ ა. ძ-შვილს ვალი უნდა დაეფარა მეუღლეთა თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ ა. ძ-შვილის მიერ მიღებული სადავო თანხა ოჯახის საერთო ინტერესებს არ მოხმარებია, ვინაიდან ოჯახის წევრის კანონიერი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიმართულია ოჯახის სოციალური თუ მატერიალური კეთილდღეობისაკენ ოჯახის საერთო ინტერესებში შედის. პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტების განმარტებაზე, რომ ა. ძ-შვილმა ა. ლ-ავასაგან თანხა ისესხა მაღაზიაში სურსათის შესაძენად, ხელწერილის თანახმად კი, ნასესხები თანხა მოხმარდა მაღაზიის რემონტს, შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მოგების მისაღებად. სასამართლომ ჩათვალა, რომ ოჯახის წევრის ლეგალური სამეწარმეო საქმიანობა, რომლის მიზანია მოგების მიღება, ყოველთვის მიმართულია ოჯახის მატერიალური და სოციალური კეთილდღეობისაკენ და ოჯახის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შედის ოჯახის საერთო ინტერესებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილი არეგულირებს არა იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლის ვალის გადახდევინება ხდება თანასაკუთრებაში მისი წილიდან, არამედ, ერთ-ერთი მეუღლის ვალის გადახდევინებას მეუღლეთა საერთო ქონებიდან, ე.ი იმ ქონებიდან, რომელშიც შედის მეორე მეუღლის წილიც. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ვალის აღების ფაქტის დადგენისას იგულისხმება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე ითხოვს ა. ძ-შვილის ვალის ანაზღაურებას არა მეუღლეთა საერთო ქონებიდან, არამედ ამ ქონებაში მოვალის წილიდან, სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, აღნიშნული შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდება, რომ მოვალეს სესხი ოჯახის ინტერესებისათვის არ გამოუყენებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, თუმცა, ამავდროულად, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ შეცდომით გამოიანგარიშა საცხოვრებელ სახლში ა. ძ-შვილის წილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1992 წლის 7 ოქტომბერს სადავო სახლის პრივატიზაცია მოახდინა ჯ. კ-ძემ. ამ დროს სახლში რეგისტრირებული იყვნენ და, შესაბამისად, ბინას ფლობდნენ ჯ. კ-ძე და მისი ვაჟი – მ. კ-ძე. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ასლის თანახმად, მ. კ-ძე სახლში მუდმივ მცხოვრებლად ჩაეწერა 1983 წლის 19 იანვარს. საბინაო წიგნი წარმოდგენილია 1992 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით და წიგნის ის გრაფა, რომელშიც აღინიშნება მონაცემები პირის სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლის შესახებ, თავისუფალია, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ნიშნავს, რომ მ. კ-ძე 1983 წლის 19 იანვრიდან 1992 წლის 15 ოქტომბრამდე სადავო სახლში რეგისტრირებული იყო და სხვა საცხოვრებელ ადგილას არ გადასულა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტით და მიიჩნია, რომ სადავო ბინაზე საკუთრება თანაბარი წილის უფლებით მოიპოვეს ჯ. და მ. კ-ძეებმა, ამდენად, პრივატიზაციის შედეგად ჯ. კ-ძე გახდა სადავო ბინის ნახევრის მესაკუთრე და მისი გაყოფის შემთხვევაში, ა. ძ-შვილის წილი შეადგენს ჯ. კ-ძის წილის ნახევარს ანუ ბინის 1\4-ს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილსა და ჯ. კ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 134,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:Lსააპელაციო პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით ჯ.კ-ძესა და ა.ძ-შვილს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდათ, თუმცა 2008 წლის 6 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს ხარჯების განაწილების საკითხი არ გადაუწყვეტია. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მესამე ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 53-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება განსახილველ შემთხვევაში შეადგენდა 15090 აშშ დოლარს, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1/4 ნაწილში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს უნდა დაკისრებოდა 15090 აშშ დოლარის 1/4-ის 4% _ 134,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ ა. ძ-შვილმა და ჯ. კ-ძემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ ა. ლ-ავამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
ა. ლ-ავამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო სესხი მეუღლეთა საერთო ვალს წარმოადგენს, თუმცა პალატამ არასწორად გამოიყენა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება. მ. კ-ძემ სადავო ბინაში თავისი წილის მიღების უფლება დაკარგა, როდესაც ნება დართო ჯ. კ-ძეს, ბინის პრივატიზება მთლიანად თავის სახელზე მოეხდინა. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობის მიხედვით, ბინის პრივატიზების უფლება ჰქონდა ა.ძ-შვილსაც და მაშინ მისი წილი უძრავ ქონებაში იქნებოდა არა 1/4, არამედ 1/3.
ა. ძ-შვილმა და ჯ. კ-ძემ მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ სადავო ბინის 1/2 მ. კ-ძის საკუთრებაა, თუმცა დაუსაბუთებელია პალატის მოსაზრება ჯ.კ-ძის კუთვნილი წილიდან ა.ძ-შვილის სესხის დაფარვის თაობაზე. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილი, როდესაც მიიჩნია, რომ ა.ძ-შვილმა ნასესხები თანხა ოჯახის ინტერესებს მოახმარა. სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ რა მტკიცებულების საფუძველზე დაადგინა აღნიშნული. ჯ.კ-ძე საერთოდ არ იცნობდა იმ პირებს, რომელთაგანაც თითქოს მისმა მეუღლემ თანხა ისესხა. ამასთან, ა.ძ-შვილის განმარტებით, რეალურად სადავო თანხა მას არ უსესხებია, იგი მოატყუეს და ხელწერილზე შეცდომით მოაწერინეს ხელი. ფაქტობრივად, თანხა მიიღეს ვინმე ყიფიანებმა, რომელთაც უნდა გაერემონტებინათ მაღაზია და მოემარაგებინათ სურსათით. სესხის მიღების ხელწერილი შედგენილია 2002 წელს და მიუთითებს სადავო თანხის 1999 წელს სესხებაზე. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ შედგა აღნიშნული ხელწერილი უფრო ადრეც, როცა სესხის დაფარვის დრო 2008 წლით იყო განსაზღვრული. სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილებით არასწორად დააკისრა კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან ა.ძ-შვილი პენსიონერია, ხოლო ჯ.კ-ძე _ ინვალიდი. ისინი საკმარისად დაზარალდნენ სადავო ურთიერთობის დროს. აქვე აღსანიშნავია, რომ სადავო ბინაში, კასატორთა გარდა, ცხოვრობს მ. კ-ძე მეუღლითა და შვილებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით _ ჯ. კ-ძის, 24 დეკემბრის განჩინებით _ ა. ლ-ავას, ხოლო 30 დეკემბრის განჩინებით კი ა. ძ-შვილის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგინელად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 1966 წლის 13 იანვრიდან ჯ. კ-ძე და ა. ძ-შვილი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1992 წლის 7 ოქტომბერს ჯ. კ-ძეს პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცა ქ.ქუთაისში, ... 24\36-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ამ დროს სახლში რეგისტრირებული იყვნენ და, შესაბამისად, ბინას ფლობდნენ ჯ. კ-ძე და მისი ვაჟი – მ. კ-ძე. საბინაო წიგნის ასლის თანახმად, მ. კ-ძე სახლში მუდმივ მაცხოვრებლად ჩაეწერა 1983 წლის 19 იანვარს. საბინაო წიგნი წარმოდგენილია 1992 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით და წიგნის ის გრაფა, რომელშიც აღინიშნება მონაცემები პირის სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლის შესახებ თავისუფალია, ამდენად, მ. კ-ძე 1983 წლის 19 იანვრიდან 1992 წლის 15 ოქტომბრამდე სადავო სახლში რეგისტრირებული იყო და სხვა საცხოვრებელ ადგილას არ გადასულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილს ა. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 22 ივნისს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლით კი ა. ძ-შვილს ა. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 5090 აშშ დოლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ა. ძ-შვილისა და ა. ლ-ავას საკასაციო საჩივრებს კი უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომელთა მიხედვით ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. დასახელებული ნორმის შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის ფულადი ვალდებულება შეიძლება დაიფაროს ორივე მეუღლის საერთო ქონებიდან იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ მიღებული თანხა ოჯახის ინტერესებს მოხმარდა.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კასატორ ა.ძ-შვილსა და ჯ.კ-ძეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტით _ ა. ძ-შვილის ხელწერილით დასტურდება ა.ძ-შვილის მიერ ა. ლ-ავასაგან სადავო თანხის სესხება ლეგალური სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, სადავო თანხით ა.ძ-შვილმა გაარემონტა ... ქ.¹3-ში მდებარე ¹167 მაღაზია, შემდგომ მის ასამუშავებლად, თუმცა მაღაზიამ ვერ იფუნქციონირა, რის გამოც ა.ძ-შვილმა სესხი ვერ დააბრუნა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ა.ძ-შვილმა ნასესხები თანხა ოჯახის საერთო ინტერესებს მოახმარა, ვინაიდან ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში თანხის დაბანდება თავისთავად მთელი ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართულ ქმედებად უნდა შეფასდეს და, შესაბამისად, თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს მთლიანად მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან. ა.ძ-შვილმა და ჯ.კ-ძემ აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო ვერ დაასაბუთეს.
დაუსაბუთებელია კასატორ ა.ლ-ავას მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, რომლის მეხუთე პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ 1992 წლის 7 ოქტომბერს სადავო სახლის პრივატიზაცია მოახდინა ჯ. კ-ძემ, თუმცა 1983 წლის 19 იანვრიდან იმავე ბინაში დარეგისტრირდა და მუდმივად ცხოვრობს ჯ.კ-ძის შვილი _ მ. კ-ძე. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ასლითაც. საბინაო წიგნი წარმოდგენილია 1992 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით და ის გრაფა, რომელშიც პირის სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლის შესახებ მონაცემები აღინიშნება თავისუფალია, შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მ. კ-ძე 1983 წლის 19 იანვრიდან 1992 წლის 15 ოქტომბრამდე სადავო სახლში რეგისტრირებული იყო და სხვა საცხოვრებელ ადგილას არ გადასულა.
ამდენად, პრივატიზების მომენტში სახლში რეგისტრირებული იყვნენ და ბინას ფლობდნენ ჯ. და მ. კ-ძეები, რომელთაც თანაბარწილად მოიპოვეს სადავო ბინის პრივატიზების უფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბინის ჯ. კ-ძის სახელზე პრივატიზება არ ართმევს მ. კ-ძეს მითითებულ უძრავ ნივთზე უფლებას, რის გამოც სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ ა. ძ-შვილისა და ჯ. კ-ძის წილი სადავო სახლში შეადგენს ბინის 1/2-ს.
დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება ჯ. კ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები _ ყველა სარჩელზე.
მოცემულ საქმის მასალებში წარმოდგენილი საპენსიო მოწმობით დასტურდება, რომ ჯ. კ-ძე ცნობილია მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ უვადოდ. “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” კანონის მესამე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ითვლება ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ახლებურად აწესრიგებს და განსაზღვრავს პირის ინვალიდობის სტატუსს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. კ-ძის საპენსიო მოწმობაში არსებული ჩანაწერი მხარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ მიჩნევის თაობაზე სახელწმიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძვლად უნდა შეფასდეს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით ჯ.კ-ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ა. ძ-შვილისა და ა. ლ-ავას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ჯ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი, ხოლო 2008 წლის 23 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება ჯ. კ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
ჯ. კ-ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდეს.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.