დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2015
საქმის ნომერი
75აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№75აგ-15 18 დეკემბერი, 2015 წელი

ე-ი ლ, 75აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ე-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით ლ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) და მოსახდელად განესაზღვრა: სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3500 ლარი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3500 ლარი; სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3500 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ ლ. ე-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 10 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 29 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენი ლ. ე-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ლ. ე-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) და სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელებისაგან, მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 29 სექტემბრიდან.

2015 წლის 10 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ. ე-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრიციპის გამოყენება. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, ძირითადმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას დამატებით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა - 10 500 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ე-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ლ. ე-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ლ. ე-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლდა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), ასევე სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელებისგან და მოსახდელად დარჩა მხოლოდ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელთა შთანთქმის პრინციპი გულისხმობს რამდენიმე სასჯელის არსებობას. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა მხოლოდ ერთი სასჯელი (რომელიც უკვე მოხდილი აქვს). ამდენად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, ამდენად, ლ. ე-ს მოთხოვნა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ე-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე