დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.04.2009
საქმის ნომერი
ას-1148-1293-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1148-1293-08 28 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი სხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე

კასატორი _ თ. გ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ.ძ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ-ძე, საჩხერის რაიკოოპერატივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ძემ სარჩელი აღძრა საჩხერის რაიკოოპერატივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. დ-ძის მიმართ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 2001 წლის 15 ივნისის ნ. დ-ძის სახელზე 37 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1998 წლიდან თ.გ-ძე ფლობდა საჩხერეში, ... ქ.¹14-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც მას სარგებლობის უფლებით გამოეყო საჩხერის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის ¹31 გადაწყვეტილების საფუძველზე. 1999 წლიდან, სათანადო პროექტისა და ნებართვის საფუძველზე, მოსარჩელემ დაიწყო აღნიშნულ ნაკვეთზე მაღაზიის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 2005 წლის დეკემბერში. თ.გ-ძემ სცადა კუთვნილი უძრავი ნივთის თავის სახელზე აღრიცხვა, თუმცა მოპასუხისაგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ სადავო მიწა აღირიცხებოდა ნ.დ-ძის სახელზე. მაღაზიის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ უკანასკნელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კუთვნილი ნაკვეთიდან უკანონოდ აშენებული ნაგებობის მოშლის მოთხოვნით. მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საჩხერის რაიკოოპერატივის გამგეობის 2001 წლის 18 იანვრის დადგენილებით კოოპერატივის მიერ შესყიდული 100 კვ.მ ნაკვეთიდან 30 კვ.მ მიეკუთვნა ნ.დ-ძეს. 2001 წლის 8 მარტს ცეკავშირის საჩხერის სამომხმარებლო კოოპერატივის იმჟამინდელმა გამგეობის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა ა. გ-ულმა თავის სიძეს _ ნ. დ-ძეს ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა საჩხერეში, ... ქ.¹14-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 37 კვ.მ, რაც აღირიცხა საჯარო რეესტრში. გარიგება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სადავო მიწა გადაცემული ჰქონდათ თ.გ-ძეს, მ.ლ-ძესა და გ.ნ-ძეს, თუმცა აღნიშნულ გარემოებას რაიკოოპერატივმა შეგნებულად აუარა გვერდი. სადავო ნაკვეთის მოცულობისა და განლაგების შესახებ საქმეში არსებული მონაცემები წინააღმდეგობრივია. მოპასუხე ნ.დ-ძის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენისას ამ უძრავი ნივთის კანონიერი მფლობელი იყო თ.გ-ძე და «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 1998 წლის 29 ოქტომბრის კანონის თანახმად, მას უფლება ჰქონდა, თავად შეესყიდა აღნიშნული ნაკვეთი.

მოპასუხე საჩხერის რაიკოოპერატივმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ნ. დ-ძე, სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენია.

ნ.დ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მხარემ დაუსაბუთებლად ჩათვალა მოსარჩელის მითითება, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის საფუძველზე, თ.გ-ძეს თავად გააჩნდა აღნიშნული ნაკვეთის შესყიდვის უფლება, ვინაიდან დასახელებული კანონით ფიზიკურ პირთა საკუთრებად გამოცხადდა კერძო სამართლის სუბიექტების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო მიწები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საჩხერის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელეს 20 კვ.მ მიწა გამოეყო საჩხერის რაიკოოპერატივის ტერიტორიიდან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის დაცვით, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ.დ-ძის სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას სადავო ქონება რეგისტრირებული იყო რაიკოოპერატივის საკუთრებად. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები სიძე-სიმამრი არიან, შემძენს უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნასყიდობის საგნის მესაკუთრე. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 5 თებერვლის საკადასტრო რუკის ჩანაწერები საჩხერის სამომხმარებლო რაიკოოპერატივის სახელზე ... ქ.¹14-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ქონების შეძენის დროისათვის ნ. დ-ძისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, იყო თუ არა საჩხერის რაიკოოპერატივი სადავო ქონების კანონიერი მესაკუთრე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ.დ-ძე წარმოადგენს ქ.საჩხერეში, ... ქ.¹14-ში მდებარე 37 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება უკანონოა, რაიკოოპერატივი არ წარმოადგენდა გასხვისებული მიწის მესაკუთრეს და გარიგება ემყარება სიყალბით მოპოვებულ მტკიცებულებას, რაც დასტურდება თვით რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობებით და ჭიათურის პროკურატურის დადგენილებით. 1998 წლიდან საჩხერის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ნაკვეთს ფლობდა კასატორი. 1999 წელს დაიწყო მაღაზიის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 2005 წლის დეკემბერში. ამდენად, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას იგი უკვე ფლობდა აღნიშნულ ნაკვეთს და დაწყებული ჰქონდა მაღაზიის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით 2001 წლის 5 თებერვლის საკადასტრო რუკის ჩანაწერები ბათილად იქნა ცნობილი. სამომხმარებლო კოოპერატივმა გაყიდა სახელმწიფო ქონება და არა მისი საკუთრება. კასატორისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი სადავოდ არ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა. 2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონის საფუძველზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზეც კი შეიძლება საკუთრების უფლების აღიარება. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მხარეები არიან სიძე-სიმამრი, ისინი ერთად ცხოვორობდნენ და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, რაც ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ისინი მოტყუებით, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ. სააპელაციო პალატამ უგულებელყო კანონიერ ძალაში შესული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, ჭიათურის პროკურატურის დადგენილება და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 187-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ. დ-ძის სახელზე 2001 წლის 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით. ასევე დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 5 თებერვლის საკადასტრო რუკის ჩანაწერები საჩხერის სამომხმარებლო რაიკოოპერატივის სახელზე ... ქ.¹14-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული ფორმულირებით კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება _ გამსხვისებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია, ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს, საჯარო რეესტრის მონაცემებს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორედ, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორედ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

აღნიშნული ნორმების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ, როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. თუნდაც სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტს _ შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, შემძენის ინტერესების დამცავი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა მითითებული ნორმები სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და დაასკვნა, რომ ნ. დ-ძე სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენია და, შესაბამისად, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ, ვინაიდან ნ. დ-ძემ სადავო ნივთი ნასყიდობით მიიღო რაიკოოპერატივისაგან, რომლის თავმჯდომარეს წარმოადგენდა მისი ნათესავი _ სიმამრი, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. კასატორის ეს არგუმენტი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ რაიოკოოპერატივს არაკანონიერად ჰქონდა გადაცემული სადავო ქონება და ქონების გადაცემა ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველი _ რაიკოოპერატივზე ნასყიდობის საგნის აღრიცხვა, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება საფუძველი კეთილსინდისიერი შემძენისაგან საკუთრების უკან გამოთხოვისა, ვინაიდან ამ სტატუსის სუბიექტის უფლებები დაცულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით. რაც შეეხება ნ. დ-ძის კეთილსინდისიერებას, რასაც საეჭვოდ მიიჩნევს კასატორი სადავო ნასყიდობის მხარეების ნათესაური კავშირის გამო, კასატორის ეს არგუმენტიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა რაიკოოპერატივზე ქონების არასწორი აღრიცხვა, მიღებულია 2007 წელს, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2001 წელს. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფართის არაკანონიერად აღრიცხვის ფაქტი 2001 წელს არ არსებობდა, შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ რაიკოოპერატივის თავმჯდომარემ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას იცოდა მითითებული გარემოების თაობაზე, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული. ასეთი გარემოება არც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დგინდება. ამასთან, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორ თ. გ-ძის მხარეზეა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კასატორი აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად ვერ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, გარდა თავის განმარტებაში გამოთქმული ვარაუდისა, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს საკმარის და დამაჯერებელ მტკიცებულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორ თ.გ-ძის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

თ. გ-ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.