გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-117-461-07 26 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი),მარიამ ცისკაძე
კასატორი _ სს “-- -- --” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ რ.კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ს-ე, ო. ბ-ი, მ. თ-ე, დ. კ-ე, ლ. ჭ-ე, ბ. ჯ-ა, რ. ხ-ი, ო. ო-ე, მ. ა-ე, ზ. გ-ე, ზ. ი-ი, ნ. ც-ი, დ. ვ-ე, ე. ყ-ი, ა. ბ-ე, ა. გ-ე, ა. ჯ-ა, ე. პ-ა, ნ. დ-ე, კ. კ-ე, ნ. გ-ა, თ. ნ-ე, ზ. ბ-ე, ლ. ნ-ე, ჯ. მ-ე, ფ. ს-ე, ნ. ა-ე, თ. ნ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ხელშეკრულების წერილობითი ფორმის განსაზღვრა, ელექტროენერგიის გადასახადის ინდივიდუალური მრიცხველების მონაცემთა საფუძველზე გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ს-მ, ო. ბ-მა, მ. თ-მ, დ. კ-მ, ლ. ჭ-მ, ბ. ჯ-მ, რ. ხ-მა, ო. ო-მ, მ. ა-მ, ზ. გ-მ, ზ. ი-მა, ნ. ც-მა, დ. ვ-მ, ე. ყ-მა, ა. ბ-მ, ა. გ-მ, ა. ჯ-მ, ე. პ-მ, ნ. დ-მ, კ. კ-მ, ნ. გ-მ, თ. ნ-მ, ზ. ბ-მ, ლ. ნ-მ, ჯ. მ-მ, ფ. ს-მ, ნ. ა-მ და თ. ნ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “-- -- --” მიმართ ხელშეკრულების წერილობით დადებისა და ელექტროენერგიის გადასახადის ინდივიდუალური მრიცხველების მონაცემთა საფუძველზე გადახდის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე მოსარჩელეებს აწვდიდა ელექტროენერგიას, რის საფასურსაც მოსარჩელეები იხდიდნენ საზოგადოების მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული, სადარბაზოში გატანილი ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებათა მიხედვით. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე სისტემატურად უწყვეტდა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ ინდივიდუალური მრიცხველების ანათვალით გადახდილი თანხის ოდენობა საზოგადოების ქვესადგურში დამონტაჟებულ საერთო მრიცხველის მონაცემებს არ ემთხვეოდა და ითხოვდა დამატებითი თანხების გადახდას. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ენერგოკომპანიასთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თანახმად მომხმარებლებს, ფორსმაჟორული პირობების გარდა, ელექტროენერგია მიეწოდებათ სტანდარტული პარამეტრებით, რის საფასურსაც 2005 წლის 1 ივლისიდან გადაიხდიდნენ ინდივიდუალური მრიცხველების მონაცემთა შესაბამისად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის არსებობს ზეპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ, რომლის თანახმად აბონენტები ელექტროენერგიის საფასურს იხდიან ინდივიდუალური მრიცხველების მონაცემთა მიხედვით, ხოლო წერილობითი ხელშეკრულებები იდება მხოლოდ იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან, მათ გაფორმებას ენერგოკომპანიას კანონმდებლობა არ ავალდებულებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “-- -- --” დასავლეთ ცენტრალურ ფილიალს დაევალა 2005 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელეებისათვის მიწოდებული ელეტროენერგიის საფასურის ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, როგორც დ.ვ-მ, ე.ყ-მა, ჯ.მ-მ, ტ.ს-მ, ფ.ს-მ და ნ.ა-მ, ასევე სს “-- -- --”.
ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრების საფუძველზე დაადგინა, რომ სს “-- -- --”, როგორც ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტი, აბონენტებს ელექტროენერგიას მიაწოდებდა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად მოხმარებული ელეტროენერგია აღირიცხებოდა დადგენილი ტარიფით, მოპასუხის მიერ შემოწმებული და დალუქული მრიცხველების მონაცემთა მიხედვით. კანონმდებლობით ელექტროენერგიის მიწოდებისათვის ხელშეკრულების ფორმა გათვალისწინებული არ არის და მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ იგი, ამასთან, “მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი ხელშეკრულების გაფორმებას დასაშვებად მიიჩნევს ქვითრით, სასაქონლო ჩეკით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით. სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების დადგენის აუცილებლობა არ არსებობს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ენერგოკომპანიის მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადათ არა ინდივიდუალური, არამედ საერთო მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს ... ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 6 აპრილის ¹7 დადგენილებით სს “-- -- --” მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას საერთო მრიცხველის შესაბამისად განსაზღვრავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველი არ არსებობდა ან ტექნიკურად გაუმართავი იყო. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს ინდივიდუალური მრიცხველები არ გააჩნდათ ან ისინი ტექნიკურად გაუმართავი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “-- -- --” თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ საქმის მასალებში მოსარჩელეთა მრიცხველების არარსებობის ან გაუმართაობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეამოწმა და სამართლებრივი შეფასება არ მისცა ენერგოკომპანიის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მოსარჩელეთა ინდივიდუალური მრიცხველების 2006 წლის 9 მარტის ტექნიკური შემოწმების აქტებს, რომლებითაც დასტურდებოდა აღნიშნულ მრიცხველთა გაუმართაობა. პალატამ საერთოდ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაზე, რომ 2006 წლის 9 მარტს სადავო მრიცხველების გაუმართაობა 2005 წლის 1 ივლისსაც მათ გაუმართაობას არ ადასტურებს. აღნიშნული მსჯელობის მიხედვით, სასამართლოს მოპასუხისათვის ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მრიცხველთა მეშვეობით აღრიცხვა 2005 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 9 მარტამდე უნდა დაევალებინა. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოპასუხე ენერგოკომპანიის დასავლეთის ცენტრალური ფილიალი შეცვალა სათანადო მხარით _ სს “-- -- --”, თუმცა თავისი გადაწყვეტილება გამოიტანა საზოგადოების ფილიალის მიმართ, რითაც დაარღვია ამავე კოდექსის 79-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 28-ე და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 16-ე მუხლები. აღნიშნულ გარემოებას სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა, თავად მხარედ სს “-- -- --” დაასახელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელეებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით 2006 წლის 9 მარტიდან გამრიცხველიანებამდე გადახდის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავოა, რომ სს “-- -- --” მოწინააღმდეგე მხარეებს აწვდის ელექტროენერგიას. მოსარჩელეებმა სადავოდ გახადეს 2005 წლის 1 ივნისიდან 2006 წლის მაისის ბოლომდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მოხდა მომხმარებელთა გამრიცხველიანება, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა საერთო მრიცხველის ჩვენების საფუძველზე.
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 აპრილის დადგენილებით საერთო მოხმარების მრიცხველის საფუძველზე მომხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომხარებელს ინდივიდუალური მრიცხველი არ გააჩნია, ანუ იგი ითვლება უმრიცხველო მომხმარებლად. ამავე დადგენილების მეორე მუხლით, უმრიცხველოდ მოხმარება გულისხმობს ელექტროენერგიის მოხმარებას, როდესაც მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს იმ მტკიცებულებაზე, რომლითაც დაასაბუთებდა, რომ 2006 წლის 9 მარტამდე პერიოდისათვის მოწინააღმდეგე მხარეებს ინდივიდუალური მრიცხველები არ გააჩნდათ ან ტექნიკურად გაუმართავი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, კასატორმა საქმის განხილვის ვერც ერთ სტადიაზე ვერ დაამტკიცა თავისი არგუმენტის კანონიერება.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, 2006 წლის 9 მარტს შედგენილ აქტებს, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნა მტკიცებულებათა შეფასების თაობაზე, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 225-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო ამ კოდექსით დადგენილი წესითYამოწმებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ დასახელებულ ნორმათა იგნორირებით არ შეაფასა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, 2006 წლის 9 მარტის აქტები და გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ ინდივიდუალური მრიცხველები ან ისინი ტექნიკურად გაუმართავი იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა 2006 წლის 9 მარტიდან მომხარებელთა ინდივიდუალური მრიცხველებით უზრუნველყოფამდე (ე.წ. გამრიცხველიანებამდე) საერთო მრიცხველების ჩვენების მიხედვით გადახდევინების უკანონობაზე დაუსაბუთებელია. ამდენად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს კასატორის მიერ 2006 წლის 9 მარტს შედგენილ მრიცხველების დათვალიერების ტექნიკურ აქტებს, კერძოდ, იმსჯელოს რამდენად სწორად და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით არის შედგენილი წარმოდგენილი მტკიცებულებები, უტყუარად ადასტურებენ თუ არა ისინი მრიცხველების ტექნიკურად გაუმართაობას. სასამართლომ მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევის შემდეგ უნდა იმსჯელოს სს “-- -- --” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებულობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “-- -- --” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინება მოსარჩელეებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით 2006 წლის 9 მარტიდან გამრიცხველიანებამდე გადახდის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.