დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№152აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი
ა-ი ა 152აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 20.000 ლარი; სსკ-ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე ა. ა-ს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5.000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 20 წელს - დაემატა სსკ–ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან 10 წელი და ა. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით ა. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 25 000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 აგვისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ა. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითად სასჯელად დანიშნული სასჯელი –20 წლით თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად, მოსახდელად დარჩა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ა-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ა. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შემცირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2010 წლის 23 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ იგი არ არის ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი და ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განაჩენსა და სქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 23 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ა-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ა. ა-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ იგი არ არის ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი და ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე ქმედებისათვის განსაზღვრული სასჯელი არ შეცვლილა, კანონის ცვლილებას არ გამოუწვევია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე