საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #379აპ-15 12 იანვარი, 2016 წელი
გ-ი ვ.- 379აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე
ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ხ. ბ-ასა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განაჩენით:
ვ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ვ. გ-ი (ძებნილი), ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 6 თვით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით; 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით; 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით; 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შეკრების წესით, ვ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 6.000 ლარი.
ვ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი გამოცხადებისთანავე - 2011 წლის 3 იანვრიდან.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ მსჯავრდებულებს - კ. ც-სა და ი. გ-ს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განაჩენი ვ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენი ვ. გ-ის მიმართ საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ. დ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით ვ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული რეალური სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.
მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა იმავე განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და 6 თვე და ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ ვ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. გ-ი დააკავეს 2014 წლის 7 მარტს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განაჩენი 2014 წლის 10 აპრილს სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ხ. ბ-ამ და ვ. ქ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განაჩენში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენსა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში შემდეგი მიმართებით:
ვ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
ვ. გ-ი იმავე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2.000 ლარი;
ვ. გ-ი იმავე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2.000 ლარი;
ვ. გ-ი იმავე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2.000 ლარი;
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მას ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე იმავე მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 59-ე მუხლის მე-8 ნაწილით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 6.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ვ. გ-ი სასჯელს იხდის დაკავების დღიდან - 2014 წლის 7 მარტიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილებით, 177-ე მუხლის 1-ლი და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ხ. ბ-ასა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ზ. მეიშვილი