საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №168აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი
გ-ა გ.- 168აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 19 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის განაჩენში, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–7 მუხლის საფუძველზე გ. გ-ას გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 9 ივლისს მსჯავრდებულმა გ. გ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მან ითხოვა საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ ეფუძნება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული გ. გ-ა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. გ-ას შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გადასასინჯი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის შემთხვევაში საკმარისია თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ას მიმართ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი