დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.12.2015
საქმის ნომერი
72აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №72აგ-15 21 დეკემბერი, 2015 წელი

ზ-ი ნ.- 72აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ სალომე კვირკველიასა და ბრალდებულ ნ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ნ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ნ. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 21 თებერვლიდან.

იმავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ მურად მნათობიშვილსა და მსჯავრდებულ ნ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ნ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 2 წელი, 1 თვე და 22 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსადელი ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით, 1 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი, 7 თვე და 22 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო 2014 წლის 30 ივნისიდან.

3. 2015 წლის 24 ივნისს მსჯავრდებულმა ნ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. მსჯავრდებული ნ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინების შესწავლასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ნ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ანუ მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონი. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმებული იყვნენ ყველა პირობაზე, მათ შორის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელის სახესა და ზომაზე. ამდენად, კასატორის მოთხოვნა სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრის შესახებ უსაფუძვლოა.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი