საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №525აპ-15 ქ. თბილისი
ა-ი გ, 525აპ-15 17 მარტი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. საქმის მასალების მიხედვით, გ. ა-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა 12,48 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რაც 2014 წლის 8 ოქტომბერს ქ. ს-ი, თ-ს ქუჩაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურ ,,რომპეტროლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3. უნდა გაუქმდეს გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ. ა-ს (პირადი#....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - (მდებარე ქ. ს-ი, ა-ს ქუჩის №..-ში (საკადასტრო კოდით №....) 10000 ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის გამამართლებელი განაჩენი გ. ა-ს მიმართ.
5. გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. ა-ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ა-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 8 ოქტომბრიდან იმავე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
6. მასვე „ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური სარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
7. გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას გ. ა-ს საკუთრებაში არსებული, ქ. ს-ი, ა-ს ქუჩა №..-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №...) 10000 ლარის ოდენობის ეკვივალენტურ ნაწილზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
8. მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. ა-ს მიერ 12,48 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება გ. ა-ს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3. მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ.ს-ი, თ-ს ქუჩაზე, ,,რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა გ. ა-ი, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“. ამ ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი მისი, ო. თ-ს და გ. ლ-ს შემადგენლობით, რომლებიც ”შკოდას” მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდნენ მითითებულ მისამართზე. ბენზინგასამართი სადგურის უკან, სარკინიგზო გადასასვლელთან, მათ დაინახეს ფეხით მიმავალი გ. ა-ი, რის გამოც გააჩერეს ავტომანქანა და სამივენი ჩავიდნენ. მათ დანახვაზე იგი შეეცადა გაქცევას, მაგრამ ო. თ-მ და გ. ლ-ა დააკავეს. გ. ა-ს მან განუმარტა უფლებები და წინადადება მისცა ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც უარი განაცხადა და თქვა, რომ ასეთი არ ჰქონდა. იგი მათ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი, აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეძახდა ძაღლებს. გ. ა-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც გ. ლ-ა მას ლურჯი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო ქაღალდში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის მასა, რომელიც მის წინ დადო მიწაზე. მისივე ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი მობილური ტელეფონი, ხოლო ჯინსის შარვლის ჯიბიდან - ფულადი თანხა, რის შემდეგაც, ვინაიდან იგი აგრძელებდა მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, იქნევდა ხელებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში უშლიდათ ხელს, მან გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. გამოძახებიდან დაახლოებით 5 წუთში ადგილზე მივიდნენ ვ. ხ-ე, ს. კ-ი და მ. ნ-ე. თვითონ ადგენდა ოქმს და მათ რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დალუქვისა და ოქმის შედგენის შემდეგ გ. ა-ი გადაიყვანეს სამმართველოს შენობაში. მოწმე მ. დ-ს განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
4. მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს, სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ. ა-ს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამის საფუძველზე შედგა ოპერატიული ჯგუფი და ის, მ. დ-ი და ო. თ-ე ”შკოდას” მარკის სამსახურებრივი ატომანქანით გავიდნენ თ-ს ქუჩაზე, "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურთან. ადგილზე მისულებმა დაინახეს, რომ მითითებული სადგურის უკანა მხარეს მიდიოდა გ. ა-ი, რომელსაც მოუწოდეს შეჩერებულიყო, რაზედაც ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობა გაუწიათ, რის გამოც მან და ო. თ-მ ხელი ჩაავლეს და დააკავეს. იგი კვლავ წინააღმდეგობას უწევდათ, უწმაწური სიტყვებით მიმართავდა და ეძახდა ძაღლებს, თან ყვიროდა _ მიდებენ, მიშველეთო. ამ დროს იმ ტერიტორიაზე მათ გარდა არავინ იყო, ხოლო მოშორებით 4-5 ხნიერი ადამიანი იმყოფებოდა. გ. ა-ს მ. დ-ა განუმარტა, რომ მას უნდა ჩატარებოდა ჩხრეკა და თან მოუწოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ იგი პირიქით, უფრო აგრესიული გახდა. გ. ა-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მომწვანო ფერის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან მან ამოიღო მობილური ტელეფონი, სანთებელა და სიგარეტი, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან - რაღაც შეხვეული ნივთიერება, რაზეც გ. ა-ა ყვირილი დაიწყო - ნარკოტიკი ჩამიდეთო. მან ამოღებული ნივთი იმწამსვე იქვე, წინ დააგდო, რასაც გ. ა-ი ცდილობდა ფეხით მისწვდომოდა. ვინაიდან იგი აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას, გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი. დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ ვ. ხ-ე, ს. კ-ი და მ. ნ-ე. ამ დროს დაკავებული ყვიროდა, უძალიანდებოდათ და არ ემორჩილებოდათ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ მან, ო. თ-მ და მ. დ-ა გ. ა-ი გადაიყვანეს სამმართველოში, შემდეგ კი - ქ. ქ-ი, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც დაუდგინდა მარიხუანის მოხმარების ფაქტი. მოწმე გ. ლ-ს განმარტებით, გ. ა-ს დაკავებისას სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, რაზედაც განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება მიიღო ოჯახში მუშაობის დროს.
5. მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ო. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ. ა-ი იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ქალაქში მოძრაობდა ნარკოტიკული საშუალებით. აღნიშნულის საფუძველზე ხელმძღვანელობის დავალებით შედგა ოპერატიული ჯგუფი მისი, მ. დ-ა და გ. ლ-ს შემადგენლობით. ისინი ”შკოდას” მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც გ. ა-ი უნდა ყოფილიყო. იგი შენიშნეს თ-ს ქუჩაზე მდებარე "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურის უკან, რკინიგზის გადასასვლელთან, რა დროსაც მას ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა. მანქანის გაჩერებისთანავე ის და გ. ლ-ი გადავიდნენ ავტომანქანიდან. მათ დანახვაზე გ. ა-ი შეცბა და დააპირა გაქცევა, მაგრამ დააკავეს. მ. დ-ა მას განუმარტა უფლებები და შესთაზავა დამსწრეების მოწვევა, რაზეც უარი განაცხადა და თქვა, რომ არაფერი ჰქონდა. იგი უწევდათ წინააღმდეგობას და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც ის და ო. თ-ე ხელით აკავებდნენ. მას სახეზე ჰქონდა მცირე ზომის ნაკაწრები, რომლებიც, მისივე განმარტებით, სახლში შეშის ჩეხვის დროს მიიღო. გ. ა-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ. ლ-ა მუქი ლურჯი ფერის სპორტული ქურთუკის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო ქაღალდში გახვეული საგანი და იქვე მიწაზე დადო, რაზედაც მან დაიწყო ყვირილი _ ძაღლებმა წამალი ჩამიდეს, მიშველეთო და ამოღებულ ნივთზე ფეხის დარტყმას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მისცეს. ამ დროს იქვე, მათ სიახლოვეს არავინ იმყოფებოდა, ხალხი მოშორებით, რკინიგზის გადასასვლელთან იყო. ამოღებული ნივთიერება დალუქა მ. დ-ა და ოქმის შედგენა დაიწყო. ვინაიდან გ. ა-ი აგრესიულად იქცეოდა და უძალიანდებოდათ, მ. დ-ა გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. დაახლოებით 5 წუთში მოვიდნენ ვ. ხ-ე, ს. კ-ი და მ. ნ-ე, რა დროსაც ჩხრეკა უკვე დამთავრებული იყო. გ. ა-ი პოლიციის მუშაკებს არ უცემიათ და მის მიმართ სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. იგი დამხმარე ჯგუფის დახმარებით ჩასვეს სამსახურებრივ ავტომანქანაში და მან, მ. დ-ა და გ. ლ-ა გადაიყვანეს სამმართველოში, შემდეგ კი - ქ. ქ-ი, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც დაუდგინდა მარიხუანის მოხმარების ფაქტი.
6. მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვ. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს სამმართველოში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნარკოტიკების აქტიურ მომხმარებელ გ. ა-ს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რის შესახებაც აცნობა დეტექტივების განყოფილებას. ინფორმაციის გადასამოწმებლად გავიდა ოპერატიული ჯგუფი მ. დ-ს, გ. ლ-ა და ო. თ-ს შემადგენლობით. თვითონ სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდა ქალაქში შემოვლაზე, მას ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები - ს. კ-ი და მ. ნ-ე. 18-დან 19 საათამდე პერიოდში დაურეკა მ. დ-ა, რომ დაკავებული უწევდათ წინააღმდეგობას და ითხოვა დახმარება. დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურთან, რა დროსაც მოქალაქეები იქ არ დაუნახავს. გამომძიებელი მ. დ-ი ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. მანქანის ე.წ. კაპოტზე ელაგა ამოღებული ნარკოტიკი და ორი ტელეფონი. ამის შემდეგ გ. ა-ი ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს სამმართველოში.
7. მოწმე ს. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2014 წლის 8 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 18 საათისთვის ვ. ხ-ა და მ. ნ-ნ ერთად გავიდა ქალაქის ცენტრში შემოვლაზე. ცოტა ხანში ვ. ხ-ს დაურეკეს ტელეფონზე. როგორც მან საუბრის დასრულების შემდეგ უთხრათ, პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყოლიათ გ. ა-ი, რომელიც უწევდათ წინააღმდეგობას და უნდა დახმარებოდნენ მათ. შესაბამისად, ისინიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადურის უკან, სადაც დაკავებული ჰყავდათ გ. ა-ი. მათი მისვლისას ნარკოტიკი ამოღებული იყო და მოთავსებული ჰქონდათ პოლიეთილენის პაკეტში. თავად საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ის და მ. ნ-ე დაეხმარნენ გ. ა-ს მანქანაში ჩასმაში. მისივე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები არ იყვნენ, მხოლოდ გადასასვლელთან შენიშნა სამი ადამიანი.
8. მოწმე მ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 ოქტომბერს ს. კ-ნ ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ისინი პერიოდულად გადიოდნენ ქალაქის ტერიტორიაზე პრევენციის მიზნით. დაახლოებით 18 საათისთვის ვ. ხ-ნ ერთად ისევ გავიდნენ სამმართველოს შენობიდან ქალაქში შემოვლაზე. ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობისას ვ. ხ-ს დაურეკეს ტელეფონზე. საუბრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ გ. ა-ი და თვითონაც მივიდნენ დაკავების ადგილზე - "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურის უკან. ამ დროს მ. დ-ი ავსებდა ოქმს, ხოლო გ. ლ-ა და ო. თ-ს დაკავებული ჰყავდათ გ. ა-ი. იგი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს. თვითონ, ს. კ-ი და ვ. ხ-ე დაეხმარნენ მათ გ. ა-ს მანქანში ჩასმასა და პოლიციის შენობაში გადაყვანაში. მისივე განმარტებით, დაკავების ადგილას სხვა არავინ იყო, ხოლო მოცილებით მოძრაობდა 2-3 ადამიანი.
9. მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, დ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს სამმართველოში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გ. ა-ი უნდა ყოფილიყო ქ.ს-ი, თ-ს ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რის საფუძველზეც შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი ვ. ხ-ს ხელმძღვანელობით. შემთხვევასთან დაკავშირებით გავიდნენ ვ. ხ-ე, გ. ლ-ი, მ. დ-ი, მ. ნ-ე, ს. კ-ი და ო. თ-ე. მათ გ. ა-ი მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში, რა დროსაც იგი იგინებოდა უშვერი სიტყვებით და ჰქონდა პრეტენზია, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს. მასვე სახის მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული ნაკაწრები. ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების შედეგად გ. ა-ს დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი.
10. სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ. დ-ს მიერ შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ. ა-ი დააკავეს 2014 წლის 8 ოქტომბერს, 18 საათსა და 50 წუთზე, ქ. ს-ი, თ-ს ქუჩაზე, "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ნაჭრის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს წარწერებიან ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის მასა, ჯინსის შარვლის უკანა ჯიბიდან - სამი ცალი ერთდოლარიანი, ერთი ცალი ოცლარიანი და ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურები, ხოლო ქურთუკის წინა ჯიბიდან - ”სამსუნგის” და ”სონის” ფირმის მობილური ტელეფონები.
11. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, მ. ჭ-ს ჩვენებითა და მის მიერ გაცემული №460/სქ სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ა-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე დაქუცმაცებული მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ ,,მარიხუანას“, წონით 12,48 გრამს.
12. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, გ. ფ-ს ჩვენებითა და მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის №8015903 დასკვნით დასტურდება, რომ დაკავების დღეს _ 2014 წლის 08 ოქტომბერს ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, გ. ა-ს დაუდგინდა სწორედ იმ სახეობის ნარკოტიკული საშუალების _ ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარება, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.
13. მოწმის სახით დაკითხული შპს "ჯ-ს“ ექიმ-რეანიმატოლოგ ე. ს-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2014 წლის 9 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე იყო მორიგე. ამ პერიოდში საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პოლიციელების თანხლებით მიიყვანა პაციენტი გ. ა-ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს თავის, მკერდისა და მუცლის არეში. მასვე სახის არეში ეტყობოდა ფუფხით დაფარული ექსკორიაციები. პაციენტი იყო გაღიზიანებული და აგრესიული. მას ჩაუტარდა გამოკვლევა ნევროლოგის და ქირურგის მიერ, ასევე თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა, რის შედეგადაც მწვავე დაზიანებები და ნევროლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა, გაუკეთდა გამაყუჩებელი და ვინაიდან, მისი სტაციონარში დატოვების აუცილებლობა არ იყო, გაიწერა საავადმყოფოდან. ანალოგიური შინაარსის ინფორმაციას შეიცავს შპს "ჯ-ს" მიერ გაცემული ცნობა გ. ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ. ა-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც პალატაც ეთანხმება.
16. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.
17. გასაჩივრებული განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო 12,48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ შეძენა-შენახვაში.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქცია კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული გ. ა-ი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. გ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების საფუძველზე გ. ა-ი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ. ა-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. გ. ა-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 3 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 8 ოქტომბრიდან იმავე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
6. მასვე „ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური სარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გ. ა-ს საკუთრებაში არსებული, ქ. ს-ი, ა-ს ქუჩის №..-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №...) 10000 ლარის ოდენობის ეკვივალენტურ ნაწილზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
8. გ. ა-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანა“, წონით 12,48 გრამი, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურების მიზნით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ჯინსის შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული სამი ერთდოლარიანი კუპიურა, ერთი ოცლარიანი კუპიურა და ორი ხუთლარიანი კუპიურა, ასევე ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული „სამსუნგის“ და „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. ა-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი
№525აპ-15 14 აპრილი, 2016 წელი
ა-ი გ, 525აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ დაშვებულია უზუსტობა. კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია სიტყვები: ,,საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ. ა-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი“ ნაცვლად სიტყვებისა: ,,საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ. ა-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.“ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწეროს სიტყვები: ,,საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ. ა-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.“
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი