დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №227აგ-15 თბილისი
ი-ი შ, 227აგ-15 16 მარტი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ი-ისა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით შ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 ეპიზოდში და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - თითოეული ეპიზოდისათვის - 3500-3500 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან. ასევე, შეიკრიბა დამატებითი სასჯელებიც და საბოლოოდ მას განესაზღვრა ჯარიმა - 14000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ი-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით შ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ჯარიმა - 3500 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით შ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით შ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შ. ი-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ი-ის მიმართ დარჩა უცვლელად. ამასთან, შ. ი-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 24 ნოემბრამდე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შ. ი-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებებით (სამი განჩინება), „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შ. ი-ი:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენითა და 2012 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული შ. ი-ი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 ეპიზოდისათვის დადგენილი სასჯელიდან 3 ეპიზოდში გათავისუფლდა, ხოლო ერთი ეპიზოდისათვის დადგენილი სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 24 ნოემბრამდე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება შეიცვალა და მსჯავრდებული შ. ი-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ი-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 24 ნოემბრამდე.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
15. 2015 წლის 31 აგვისტოს მსჯავრდებულმა შ. ი-მა და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ შ. ი-ის სისხლისსამართლებრივი სასჯელისაგან გათავისუფლება.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ი-ისა და მისი ადვოკატის - თ.გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
17. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ. ი-მა და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ შ. ი-ის სისხლისსამართლებრივი სასჯელისაგან გათავისუფლება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდათ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ შ. ი-ისა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის მიერ წარმოდგენილი მასალები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ შ. ი-ისა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ი-ისა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ შ. ი-ისა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე