დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №62აგ-16 თბილისი
ქ-ა მ. 62აგ-16 28 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მ. ქ-ს შორის. მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 332-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მ. ქ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება და მ. ქ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. 2015 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა მ. ქ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ჩ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ქ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ჩ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის განსახილველად დაშვება და მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება, რომლითაც, მართალია, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მოქმედი - საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მსგავსი შინაარსის ნორმები და ვინაიდან, მოცემულ საქმეში მსჯავრდებულის მიმართ საქმე ნაწარმოებია ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკასაციო პალატამ 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ - საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკასაციო პალატამ ამავე განჩინებით შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არ უცვნია არაკონსტიტუციურად და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულის მიმართ საქმე ნაწარმოებია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, - საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ნახსენები გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მათივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატის - მ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი