საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №103აპ-17 ქ. თბილისი
კ-ა ბ., 103აპ-17 1 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის, მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, კ. ბ-ს, მ. ჭ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. კ-ს ბრალი დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისათვის; ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ჯგუფურად, სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით; ცემისა და ნარკოტიკების მოხმარებისათვის; ასევე ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის;
მ. ჭ-ს ბრალი დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისათვის; ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ჯგუფურად, სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით;
ა. ბ-ს ბრალი დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისათვის; ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ჯგუფურად, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით;
კ. ბ-ს ბრალი დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისათვის; ასევე ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით:
ბ. კ-ა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბ. კ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით ბ. კ-თვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 ოქტომბრიდან.
მ. ჭ-ა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ. ჭ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 ოქტომბრიდან.
ა. ბ-ა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. ბ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 ოქტომბრიდან.
კ. ბ-ა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
კ. ბ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 ოქტომბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, მ. ჭ-ს, ა. ბ-სა და კ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: ბ. კ-მ უკანონოდ შეიძინა ,,AK-74’’ მოდელის, 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; მ. ჭ-მ უკანონოდ შეიძინა ,,AKM’’ მოდელის, 7.62 მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ა. ბ-მ უკანონოდ შეიძინა ,,ИЖ-18’’ მოდელის, 12 მმ კალიბრიანი ერთლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფისგან დამზადებული გადაჭრილი თოფი; კ. ბ-მ უკანონოდ შეიძინა ,,BENELLI Magnum 2005’’ მოდელის, 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი.
ბ. კ-ა, მ. ჭ-ა და ა. ბ-ა 2015 წლის 24 ოქტომბერს ….. რაიონის სოფელ ….., ხოლო კ. ბ-ა - სოფელ ….. უკანონოდ ატარებდნენ მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღებს. ამასთან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის ნასამართლევი ბ. კ-ა 2015 წლის 24 ოქტომბერს ….. რაიონის სოფელ ….. ატარებდა ასევე ცივ იარაღს - ფიქსატორიან დასაკეც დანას.
იმავე დღეს ბ. კ-ა, მ. ჭ-ა და ა. ბ-ა შეთანხმდნენ, ჯგუფურად თავს დასხმოდნენ ზ. ა-ს ოჯახს. ამ მიზნით ბ. კ-ა, ა. ბ-ა და მ. ჭ-ა, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, გაემართნენ ზ. ა-ს სახლისკენ. მათ გზაზე შეხვდათ ზ. ა-ს მეზობელი გ. ჭ-ი, რომელიც ერთ-ერთმა იარაღის მუქარით აიძულა, შეჰყოლოდა ზ. ა-ს სახლში. ეზოში შესვლისას ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გაარტყა ხელი გ. ჭ-ს. თავდამსხმელებმა იარაღისა და ძალის გამოყენებით, კარის შემტვრევით უკანონოდ შეაღწიეს ….. რაიონის სოფელ ….. მდებარე ზ. ა-ს სახლში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვეს მას ფული. ამ მიზნით რამდენჯერმე გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რის შემდეგაც ზ. ა-ს სახლიდან დაეუფლნენ ,,ოლიმპუსის’’ ფირმის ფოტოაპარატს, ფანარს და კალკულატორს. მას შემდეგ, რაც ზ. ა-ს ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, ისინი გაიქცნენ მიმდებარე ტერიტორიიდან. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა უთხრა გ. ჭ-ს, მათ წაჰყოლოდა, ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ შეუკრა მას ხელ-ფეხი და ხელფეხშეკრული დატოვა…..რაიონის სოფელ ….., ზ. ა-ს საცხოვრებელი სახლის უკან, თხილნარის მიმდებარე ტერიტორიაზე.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან საჯაიამ, მსჯავრდებულებმა - ბ. კ-მ, მ. ჭ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ასევე მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და კ. ბ-ს ინტერესების დამცველმა.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან საჯაია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, მ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში და მათი ამ კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობას; განაჩენის გაუქმებას ბ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში და დამნაშავედ ცნობას ამ კვალიფიკაციით; განაჩენის გაუქმებას კ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას აღნიშნული კვალიფიკაციით.
მსჯავრდებულები - ბ. კ-ა, მ. ჭ-ა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და კ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენის გაუქმებას ა. და კ. ბ-ს მიმართ და გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენი უცვლელად დატოვა.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - გ. ჭ-სა და ზ. ა-ს ჩვენებებით, მოწმეების -ზ. გ-ს, ლ. ჟ-ს, ი. მ-ს, ლ. ბ-ს, გ. კ-ს, გ. კ-ს, თ. ს-ს, გ. ფ-ს, მ. ქ-ს, ზ. ე-ს, გ. შ-ს, გ. გ-ს, კ. შ-ს, გ. გ-ს, ი. ხ-ს, ბ. გ-ს, მ. შ-ს, ი. მ-ს, ფ. ნ-ს, ვ. ო-ს, ქ. ქ-ს, თ. შ-ს, მ. ჩ-ს, თ. მ-ს, ლ. მ-ს, ნ. მ-ს, მ. ბ-ს, ი. შ-ს, ვ. შ-ს, ლ. ბ-ს, ვ. ლ-ს, მ. ხ-ს, ჯ. ზ-ს, ა. გ-ს, ა. ხ-ს, გ. გ-სა და მ. კ-ს ჩვენებებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, 2015 წლის 25 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 1 ნოემბრის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, 2015 წლის 25 ოქტომბრის ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ოდოროლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 26 ოქტომბრის წერილით, სს ….. მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ,,…..“ მიერ გაცემული ფორმა 100-ით დადგენილია მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, მ. ჭ-ს, ა. ბ-სა და კ. ბ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის ჩვენება და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ უნდა დასდებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს ყაჩაღობის ნაწილში, ვინაიდან დაზარალებული ვერ ფლობდა ქართულ ენას და იგი გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ქართულად, ხოლო შემთხვევის ადგილი თავის დროზე კანონის შესაბამისად არ იყო დაცული. პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებული ზ. ა-ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თარჯიმნის მონაწილეობით, თუმცა მიუთითა, რომ ქართულ ენასაც ფლობდა. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების - ზ. ა-სა და ფ. ნ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ჭიშკარი შემოსაზღვრული იყო ლენტით და პოლიციის თანამშრომლები იქ არავის უშვებდნენ გარდა თანამშრომლებისა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ასევე თან ერთვის სურათები, რომლებზეც ჭიშკარზე ჩანს ყვითელი ლენტი. დაცვის მხარეც არ დავობს იმაზე, რომ ჭიშკარი იყო შემოსაზღვრული, თუმცა, მათი აზრით, ასევე შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო ოთახში შესასვლელი კარიც. იმ პირობებში, როცა ჭიშკრიდან ვერც ერთი არაუფლებამოსილი პირი ვერ შედიოდა, ოთახში შესასვლელი კარის ლენტის გარეშე დატოვება არაფერს ცვლის და როგორც ზემოთ აღინიშნა, შემთხვევის ადგილზე შემსვლელ პირთა ვინაობას აკონტროლებდნენ უფლებამოსილი პირები. ამდენად, ამ შემთხვევაშიც არსებითი დარღვევა არ იკვეთება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია კ. ბ-ს ქმედების ყაჩაღობით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კ. ბ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ბ-ს ქმედება შეიცავს არა ყაჩაღობაში დახმარების, არამედ - დანაშაულის დაფარვის ნიშნებს. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის შენიშვნის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის დაფარვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, ვინც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ყაჩაღობის ერთ-ერთი ამსრულებელი არის კ.ბ-ს შვილი, ა. ბ-ა, რის გამოც სსკ-ის 375-ე მუხლითაც კ. ბ-ს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ა. ბ-ს, მ. ჭ-სა და ბ. კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოხერხდა დაზარალებულ ა. ხ-ს დაკითხვა, რის გამოც გამოქვეყნდა მისი ჩვენება. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ა. ხ-ს გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დაზიანებების მიმყენებელ პირზე მიუთითებს, არის დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენება, რომელზე დაყრდნობითაც, საქართველოს კონსტუტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ცემის ნაწილში არ არსებობს აშკარა, უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამ ნაწილში ბ. კ-ა 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ, მსჯავრდებულებმა - ბ. კ-მ, ა. ბ-მ, კ. ბ-მ, მ. ჭ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-მ.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნუგზარ ჯიქიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, მ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ბ. კ-ს მიმართ - სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; კ. ბ-ს მიმართ - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელების განსაზღვრას.
მსჯავრდებულები - ბ. კ-ა, ა. ბ-ა, კ. ბ-ა, მ. ჭ-ა და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულების სასიკეთოდ; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენი უცვლელად დატოვა.
9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (იხ. საქმე #616აპ-10; 25აპ-15; 518აპ-14). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორები - დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
10. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, მ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით, ბ. კ-ს - სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო კ. ბ-ს - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, მ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით, ბ. კ-ს - სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო კ. ბ-ს - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, მ. ჭ-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით, ბ. კ-ს - სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო კ. ბ-ს - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის, მსჯავრდებულების - ბ. კ-ს, ა. ბ-ს, კ. ბ-ს, მ. ჭ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი