საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.07.2017
საქმის ნომერი
2კ-70აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№70აპ-17 ქ. თბილისი

კ-ა კ., 70აპ-17 12 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენით კ. კ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ. კ-ას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

კ. კ-ას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 11 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნიეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2016 წლის 21 მარტს, დღის საათებში, კ. კ-ამ ნ. ჯ-ას შესთავაზა ცოლად გაყოლა, რაზეც მან უარი განუცხადა, რის გამოც კ. კ-ამ მასთან ქორწინების მიზნით, მისი გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოზე ნ. ჯ-ზე განახორციელა ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, სცემდა მას, რითაც აიძულებდა მასთან ქორწინებას, რის შემდეგ იგი წაიყვანა ა-ში, სასტუმროში. 2016 წლის 22 მარტს კ. კ-ამ ნ. ჯ-ა ჩამოიყვანა ზ-ის რაიონში და მიიყვანა მისი გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოსთან, სადაც მასთან ქორწინების მიზნით, განახორციელა ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, რაზეც ნ. ჯ-ა უარს აცხადებდა და არ თანხმდებოდა, რის შემდეგაც იგი წაიყვანა თავისი ნათესავის - ლ. გ-ას სახლში, სადაც იმყოფებოდნენ 23 მარტის დილის საათებმადე.

2016 წლის 22 მარტს, დილის საათებში, კ. კ-ამ ნ. ჯ-ა მიიყვანა ა-ში, თ-ის ქუჩა N..-ში მდებარე სასტუმრო „ნ-ში,“ სადაც სასტუმროს ერთ-ერთი ოთახში ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით ნ. ჯ-ასთან დაამყარა სქესობრივი კაშირი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და კ. კ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული კ. კ-ა არის უდანაშაულო და ადვოკატების დამსახურებით მტკიცებულებებს პრეიუდიციული ძალა მიენიჭათ, რაც იყო შეცდომა. კასატორის მითითებით, ა-ში მდებარე სასტუმროში მისვლის ფაქტი გაფორმდა თავად დაზარალებულის პირადობის მოწმობით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და სასტუმროში მისვლის ფაქტი თავად დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით გაფორმდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს განაჩენი ძალაში დატოვა.

9. განსახილველ შემთხვევაში კ. კ-ას მსჯავრი დაედო ქორწინების იძულებისა და ნ. ჯ-ას გაუპატიურებისათვის (საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ამავე კოდექსის 1501-ე მუხლის 1 ნაწილი). ნიშანდობლივია, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 36-ე და 37-ე მუხლებით დადგენილია ყოველი ქალის სწორედ სექსუალური ძალადობის, მათ შორის - გაუპატიურებისა და იძულებითი ქორწინებისაგან დაცვის ვალდებულება.

10. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1-ლ ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილში ძალაში შესული ცვლილებები (რომელიც, თავის მხრივ, თანხვდენილია „სტამბოლის კონვენციის“ ზემომითითებულ მუხლთან) სრულად შეესაბამება კ. კ-ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების შემადგენლობას.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე