დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.09.2017
საქმის ნომერი
42აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №42აგ-17 თბილისი

ბ-ა თ, 42აგ-17 29 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით თ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ბ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 4 თებერვლიდან.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ლ. ქ-ა, ბ. კ-ე, დ. რ-ა და ჯ. კ-ე.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული თ. ბ-ა გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სასჯელი და განესაზღვრა 5 წლით, 9 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თ. ბ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალა ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებულმა მკაცრმა სასჯელმა - უვადო თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ამავე კოდექის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 5 წლით, 9 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ბ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 4 თებერვლიდან.

7. 2017 წლის 5 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ: განაჩენით თ. ბ-ს ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, თავად თ. ბ-ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსურ-კომისიური, ქიმიური, პიროტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი