განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №95აგ-17 20 თებერვალი, 2018 წელი
ჭ-ი ს, 95აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განაჩენით ს. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული პირბითი მსჯავრი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და ჯარიმა – 1000 ლარი.
ს. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 6 დეკემბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, სატრანსპრტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენით ს. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ ს. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ჯარიმა – 1000 ლარი.
ს. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაწეყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 26 დეკემბრიდან.
3. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე 2017 წლის 16 აგვისტოს პენიტენციური დეპარტამენტის №6 დაწესებულებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ს. ჭ-ის პირადი საქმე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ს. ჭ-ის მიმართ არ გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებები იმ მოტივით, რომ უარესდებოდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
5. კასატორი ს. ჭ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარება) დაკისრებული ჯარიმისგან (1000 ლარი) გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განაჩენით ს. ჭ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანა“) უკანონოდ მოხმარებისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 1000 ლარი დამატებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ს. ჭ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
3. ს. ჭ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის - 1000 ლარის მოხდისგან.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე