დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №118აგ-17 2 აპრილი, 2018 წელი
დ. მ., 118აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ. საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განაჩენით მ. დ., -, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. დ. პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. დ. მიესაჯა - 8 წლით, 10 დღითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. დ. სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 25 აგვისტოდან იმავე წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
2. 2017 წლის 27 ოქტომბერს მსჯავრდებულმა მ. დ. შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით ის უფლებამოსილია, მიმართოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. დ. შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი - მსჯავრდებული მ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მისი საქმე სწორად არ იქნა განხილული, რის გამოც შიმშილობს. განაჩენში ასახული დარღვევები ვერ შეამჩინეს, კერძოდ, თუ როგორ სთავაზობდნენ დაზარალებულებს თანხას, რათა მათ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაში ემხილათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში მ. დ. არ უთითებს არც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მხოლოდ კასატორის ზოგადი განცხადება, რომ დაზარალებულებს სთავაზობდნენ ფულად თანხას მ. დ. დანაშაულში მხილების მიზნით, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ვინაიდან მითითებული გარემოება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული არ არის.
4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. დ. შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. დ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ მ. დ. შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე