საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
2კ-602აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№602აპ-17 ქ. თბილისი

ნ. ბ., 602აპ-17 30 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ., –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2016 წლის 20 თებერვლისა და 7 აპრილის ეპიზოდები) – ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ. ნ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 6 აპრილიდან; მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ნ-მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა; ცივი იარაღის ტარება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (2 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბ. ნ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 16 აგვისტოსა და 2015 წლის 15 იანვრის განაჩენებით განსაზღვრული მოხდილი სასჯელი. ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

· ბ. ნ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ: 2016 წლის 6 აპრილს, 19:32 საათზე, თ., დ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. ნ.. დაკავებისას ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ერთჯერადი მოხმარების შპრიცები და სხვადასხვა დასახელების ნივთი, რომლებშიც მოთავსებული სითხეები და დანაშრევები შეიცავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს – 0,000788 გრამ საერთო წონის „მეტამფეტამინს“ (მარილს) და 0,001819 გრამ საერთო წონის „ამფეტამინს“.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამავე განაჩენით მსჯავრდებულს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბ. ნ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 16 აგვისტოსა და 2015 წლის 15 იანვრის განაჩენებით განსაზღვრული მოხდილი სასჯელი. ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

· პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბ. ნ-ს 2014 წლის 26 თებერვლისა და 2014 წლის 26 მარტის განაჩენებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 26 თებერვალსა და 2014 წლის 26 მარტს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №- წერილის თანახმად, 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენი არ გასაჩივრებულა.

· 2016 წლის 19 თებერვალს, 22:05 საათზე, პატრულ-ინსპექტორებმა თ., მ-ის გამზირზე, ავტოგასამართ სადგურ „ს-ის“ მიმდებარედ, გააჩერეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ავტომანქანა „მერსედესი“, სახ. №-, რომელსაც მართავდა ბ. ნ.. გადამოწმებისას დადგინდა ზემოაღნიშნული აკრძალვა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განაჩენით ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2011 წლის 21 ოქტომბერს ბ. ნ. გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბ. ნ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 16 აგვისტოსა და 2015 წლის 15 იანვრის განაჩენებით განსაზღვრული მოხდილი სასჯელი. ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

· მიუხედავად იმისა, რომ ბ. ნ. ნასამართლევი იყო განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, იგი ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს თ., მ-ის გამზირზე, ავტოგასამართ სადგურ „ს-ის“ მიმდებარედ, გამოვლინდა ბ. ნ., რომელიც ატარებდა ცივ იარაღს – დანას.

· ბ. ნ. ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. 2016 წლის 20 თებერვალს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების – „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

· ბ. ნ. ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. 2016 წლის 7 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების – „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ნ-მ და მისმა ადვოკატმა დ. ფ-მა. მათ მიუთითეს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა ბ. ნ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც მოითხოვეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში განაჩენის გაუქმება და ბ. ნ-ს უდანაშაულოდ ცნობა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ბ. ნ-ს მიერ ბრალად მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა.

8. მოცემულ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ განაჩენის კანონიერებას ბ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბ. ნ-სათვის შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბ. ნ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ბ. ნ-ს მეუღლე ფ. თ., რომელმაც ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერა და მასში რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ შეუტანია), მოწმეების – ი. ა-ის, ლ. ხ-ის, ი. გ-ის, ნ. გ-სა და ზ. კ-ის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის 2016 წლის 7 აპრილის №- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბ. ნ-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოიღეს სწორედ ის ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის მოხმარებაც მას ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა. ამასთან, თავად ბ. ნ-მ განმარტა, რომ არის „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ აქტიური მომხმარებელი. რაც შეეხება მსჯავრდებულის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას ბინაში პოლიციელებმა ჩაუდეს და დაკავებისას მის მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები, აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო ბ. ნ-ს დაკავებისას შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიება შეწყდა 2017 წლის 3 თებერვლის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე