დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061876
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №86აგ-18 ქ. თბილისი
ტ–ი ნ, 86აგ-18 24 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ტ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ნ. ტ–ი (ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) – 3-3 წლით, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ. ტ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლით გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
2. 2018 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ტ–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ ბელგიის სამეფოს ქალაქ ლიეჟის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი და მიღებული მასალა (ნ. ტ–ის მოთხოვნის – პასპორტში არასწორი მონაცემების სწორი მონაცემებით შეცვლის თაობაზე) იქნება ახალი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი და რომლითაც უდავოდ დადგინდება, რომ ნ. ტ–ს არ ჩაუდენია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენით შერაცხული დანაშაული.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ტ–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი – მსჯავრდებული ნ. ტ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ--–-–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ნ. ტ–ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. ტ–ს არ მიუთითებია არცერთ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო. რაც შეეხება ბელგიის სამეფოს ქალაქ ლიეჟის საქალაქო სასამართლოსათვის ნ. ტ–ის მიმართვას პასპორტში მონაცემების გასწორების თაობაზე, აღნიშნული ცნობილი იყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენის დადგენის დროს.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ნ. ტ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ტ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ტ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე