დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700065842
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №97აგ-18 11 აპრილი, 2019 წელი
ლ. კ., 97აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით კ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განაჩენით კ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 4 თვე და საბოლოოდ კ. ლ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 10 თვით.
3. 2018 წლის 27 აგვისტოს მსჯავრდებულმა კ. ლ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა აკრძალული ნივთის - ბანქოს აღმოჩენისთვის, რაც დღეს მოქმედ აკრძალულ ნივთების ჩამონათვალში აღარ ფიგურირებს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორი ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
4. პალატა მიუთითებს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რისთვისაც კ. ლ-ეს მსჯავრი დაედო, პასუხისმგებლობა არც გაუქმებულა და არც შემსუბუქებულა, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ. ლ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. ლ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე