საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.09.2019
საქმის ნომერი
2კ-221აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002175925

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №221აპ-19 ქ. თბილისი

მ. გ. 221აპ-19 26 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ს და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

ა) მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა;

ბ) ქონების მესაკუთრის/მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;

გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

ბ. ფ-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის N0... საქმეზე გ. მ. გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის პირველ მარტს. გამოკითხვისას გ. მ-მ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხილა ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი – ბ. ფ. მან განმარტა, რომ შპს „ნ-ს“ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს მთლიანად ბ. ფ. განაგებდა, იგი ახდენდა შპს „ნ-ს“ სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმების დროს აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით საბაჟო გადასახადების უზრუნველყოფას, ასევე ბ. ფ. იყო პასუხისმგებელი იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახადების გადახდაზე. 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 1 მარტს გ. მ-ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულად იყო თანხვდენილი გამოძიების მიერ შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, შესაბამისად, გ. მ-ს გამოკითხვის ოქმები ბრალდების მხარემ გამოიყენა ბ. ფ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად და მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ. მ-მ ბ. ფ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი სასამართლო განხილვის დროს, 2017 წლის 10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, მისცა ცრუ ჩვენება, რომ თითქოსდა, შპს „ნ-ს“ საფინანსო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად განაგებდა, შპს „ნ-ს“ სახელით იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) საბაჟო გაფორმების (2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში) აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით საბაჟო გადასახდელების უზრუნველყოფას თვითონ ახდენდა და თავად იყო პასუხისმგებელი დასახელებულ პერიოდში იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდაზე.

გ. მ. 2015 წლის 30 ნოემბრიდან წარმოადგენდა შპს „ნ-ს“

ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს. კომპანიის საქმიანობას შეადგენდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია. გ. მ-მ შპს „ნ-ს“ სახელით 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პირადად განახორციელა 1 447570 ლარად ღირებული ხილ -

ბოსტნეულის იმპორტი და საბაჟო გაფორმება, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში. გ. მ- მ შპს „ნ-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 361 212 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 240 500 ლარი და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც 240 500 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

შპს „ნ “(ს/ნ ... ) დაფუძნდა 2015 წლის 14 მაისს, რომლის ერთპიროვნულ პარტნიორად და დირექტორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ იქნა მ. გ. 2015 წლის 30 ნოემბერს კი აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი გახდა გ. მ. 2015 წლის დეკემბერში შპს „ნ-ს“ დამფუძნებელმა და რეგისტრირებულმა დირექტორმა გ. მ- მ ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ბ. ფ-ს, რაზედაც გაიცა შესაბამისი წერილობითი მინდობილობა. 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში ბ. ფ., როგორც შპს „ნ-ს“ მინდობილი პირი, ახორციელებდა შპს „ნ-ს“ სახელით იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) წინასწარ დეკლარირებას და საბაჟო გაფორმებას, საბაჟო გაფორმების დროს აღნიშნული კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) წარმოშობილი დღგ-ს თანხებით ახდენდა საბაჟო გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფას, რითაც მოტყუებით ქონებრივად აზიანებდა სახელმწიფო ბიუჯეტს (ამ გზით მიღებულ სახსრებს კი თავად განკარგავდა). 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში გ. მ. , როგორც შპს „ნ-ს“ რეგისტრირებული დირექტორი, ორგანიზებას უწევდა იმპორტირებული საქონლის (ხილ - ბოსტნეულის) საქართველოში რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ - ფაქტურების) გამოწერას, ასევე ხელმძღვანელობდა იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სისწორეს, თავად უზრუნველყოფდა დღგ-ს და სხვა გადასახადების ამსახველი დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენას და ახდენდა სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. 2016 წლის მარტიდან - ივნისამდე პერიოდში შპს „ნ-ში“ ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაშიც მონაწილეობდა და სათანადო განმარტებებს იძლეოდა რეგისტრირებული დირექტორი გ. მ. ინვენტარიზაციის შედეგად შპს „ნ-ში“ გამოვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასებით - 7 803 471.36

ლარი. ინვენტარიზაციის შედეგები გ. მ-მ გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის მარტში შპს „ნ-ში“ დაინიშნა რევიზია (საგადასახადო შემოწმება) სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა კომპანიის დაფუძნებიდან - 2015 წლის 14 მაისიდან 2016 წლის 18 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. რევიზიის (საგადასახადო შემოწმების) პროცესში მონაწილეობდა და სათანადო განმარტებებს იძლეოდა შპს „ნ-ს“ ერთპიროვნული დამფუძნებელი და რეგისტრირებული დირექტორი გ. მ. საგადასახაო შემოწმებით გაირკვა, რომ გ. მ., როგორც შპს „ნ-ს“ დირექტორი, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას სწორად/სრულად არ ახორციელებდა და არ იხდიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებს. საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ გ. მ-მ, როგორც შპს „ნ-ს“ დირექტორმა, განზრახ თავი აარიდა 398 457 ლარის (დღგ-ში - 282 283 ლარი (აქედან 01.12.2015 – 01.03.2016 პერიოდზე დღგ-ში - 265 501 ლარი) მოგების გადასახადში - 116 174 ლარი) გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2016 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც 2016 წლის 12 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გასცა ბრძანება, რითაც შპს „ნ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი - 398 457 ლარი, რაზედაც იმავე დღეს გამოიცა N.. საგადასახადო მოთხოვნა, რასაც გადამხდელი გაეცნო საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული საგადასახადო მოთხოვნა შპს „ნ-ს“ დირექტორს გ. მ-ს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (30 დღეში) არ გაუსაჩივრებია და საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები შპს „ნ-ს“ (დირექტორი გ. მ. ) საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაუხდია და არც კანონის საფუძველზე შეჩერებულა გადახდის ვალდებულება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით:

გ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. მ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, იგი სრულად შთანთქა მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 4 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. მ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილებში.

კასატორი - აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორი დავით ჭარბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების (მოწმეების: ო. ქ-ს და ჯ. ს-ს ჩვენებები, 2016 წლის 13 დეკემბრისა და 2017 წლის 1 მარტის მოწმის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, გ. მ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების აუდიო ოქმი) შეფასების შედეგად წარმოიშვა ეჭვი გ. მ-ს ბრალეულობასთან (საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილში) დაკავშირებით, რაც სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

8. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. მ-ს გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციები და თანმხლები დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, ... განჩინების საფუძველზე ამოღებული დოკუმენტაცია, 2017 წლის 18 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას მხარეები და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ს და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე