დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2020
საქმის ნომერი
15აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №15აგ-20 4 დეკემბერი, 2020 წელი

ბ. დ., 15აგ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით დამტკიცდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ დ. ბ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:

1.1. დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,’’ მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ოქტომბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 4 ივნისის N002/15-1054 გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,’’ მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 4 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ დ. ბ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით - ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. დ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 მარტიდან.

2. 2019 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ არის ტუბერკულოზითა და დიაბეტით დაავადებული, რის გამოც დაქვეითებული აქვს მეხსიერება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. კასატორი - მსჯავრდებული დ. ბ. საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, დაავადებულია ტუბერკულოზითა და დიბეტით. არის 61 წლის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან (სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა) დაკავშირებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიერ დასახელებული გარემოებები საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის არცერთი საფუძვლის მოთხოვნას არ მიესადაგება.

3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე