დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 20.09.2010
საქმის ნომერი
ას-728-681-2010
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.09.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-728-681-2010 20 სექტემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ მ. კ-შვილი, თ. ხ-ია (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები _ შპს “გ. პ.”, შპს “ბ.”, შპს “ო.” (მოპასუხეები)

მოსარჩელეები _ რ. ნ-შვილი, გ. ჯ-ძე

მესამე პირი _ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, შენობის აღმართვის აკრძალვა, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების დავალება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს რ. ნ-შვილმა და გ. ჯ-ძემ მოპასუხეების _ შპს “ბ.სა” და შპს “ო.-ს” მიმართ შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების, სახლის კედლის ჯდენის შედეგების ლიკვიდაციისა და არსებული პროექტით შენობის აღმართვის აკრძალვის მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებმა 2006 წლის შემოდგომიდან მეზობელ მიწის ნაკვეთზე დაიწყეს მშენებლობა, რომელიც ხორციელდებოდა კანონმდებლობის დარღვევით, რაც ლახავდა მოსარჩელეების, როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების კანონით დაცულ უფლებებს და აყენებდა მათ ქონებრივ ზიანს (ტომი 1, ს.ფ. 1-4).

2008 წლის 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა მოპასუხეების _ შპს “ბ.ს”, შპს “ო.-ს” და შპს “ტ.-ს” მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და არსებული პროექტით შენობის აღმართვის აკრძალვის მოთხოვნით. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათი საცხოვრებელი კედლიდან 60 სმ-ის დაშორებით მეზობელ მიწის ნაკვეთზე შენდებოდა 7 სართულიანი შენობა. აღნიშნული შენობის ქვაბულის ჩაჭრა მოხდა მოსარჩელეების სახლის კედლისა და საძირკველის გაშიშვლებით, კედელმა დაკარგა მდგრადობა და სახლს გაუჩნდა ბზარები, რამაც მოსარჩელეებს მიაყენა ქონებრივი ზიანი (ტომი 2, ს.ფ. 105-117).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნულ სარჩელებზე საქმის წარმოება გაერთიანდა (ტომი 4, ს.ფ. 148-152).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-შვილის, გ. ჯ-ძის, თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ ასაბუთებდნენ მოპასუხეების მიერ მშენებარე სახლის ქვაბულის ჩაჭრით მათი კუთვნილი ბინების დაზიანებას. საქმეში წარმოდგენილი ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2007 წლის 19 ნოემბრის დასკვნა ასევე ვერ იქნა გაზიარებული მოპასუხეების მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან დასკვნაში მითითებული არ იყო კვლევის მეთოდები და საშუალებები. გაჩენილ ბზარებთან დაკავშირებით დასკვნა ეყრდნობოდა მხოლოდ მობინადრეთა განცხადებებს და არ იყო გამოკვლეული მშენებლობის დაწყებამდე სახლის მდგომარეობა. მ. კ-შვილისა და თ. ხ-იასათვის ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელეები ასევე ვერ ასაბუთებდნენ (ტომი 4, ს..ფ 278-283).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ნ-შვილმა, თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 4, ს.ფ. 301-310).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით რ. ნ-შვილს, თ. ხ-იასა და მ. კ-შვილს დაუდგინდათ ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 320 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, მ. კ-შვილს და თ. ხ-იას ასევე დაევალათ თითოეული აპელანტის მიერ 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ტომი 5, ს.ფ. 3-5).

2010 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

აპელანტები მიუთითებდნენ, რომ მ. კ-შვილი და თ. კ-ია იყვნენ პენსიონერები და სხვა შემოსავალი არ გააჩნდათ, ხოლო რ. ნ-შვილის შემოსავლით შეუძლებელი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ტომი 5, ს.ფ. 10-12).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით რ. ნ-შვილს, თ. ხ-იასა და მ. კ-შვილს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. ამჯერად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად დაადგინა შემდეგი: რ. ნ-შვილს დაევალა აღნიშნულ ვადაში 320 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო მ. კ-შვილსა და თ. ხ-იას _ 5 000-5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ტომი 5, ს.ფ. 33-36).

2010 წლის 23 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა. განცხადებას თან ერთვოდა რ. ნ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის ნაწილში განმცხადებლებმა ითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ამავე განცხადებით ისინი ითხოვდნენ სასამართლოს მიერ განმარტებას, თუ რა სახის საბუთით შეიძლებოდა დადასტურებულიყო მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათ გათავისუფლებას (ტომი 5, ს.ფ. 48).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, დასახელებულ აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ზუსტად არ განსაზღვრავს, თუ რა სახის გარემოების დადასტურება შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯებისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყოველი კონკრეტული შემთხვევის მახასიათებლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები არ განაპირობებდნენ მათ გადახდისუუნაროდ მიჩნევას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტების მიერ ხარვეზის შევსების ვადაში სასამართლოსადმი მომართვისა და შესაბამისი შუამდგომლობის გათვალისწინებით მიზანშეწონილი იყო, მათთვის ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადის მიცემა, რა ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაშიც სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის შესაბამისად (ტომი 5, ს.ფ. 50-52).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი რ. ნ-შვილის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული (ტომი 5, ს.ფ. 54-55).

2010 წლის 24 მაისის განცხადებით თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა ითხოვეს საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს კვლავ ემსჯელა მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ, რამდენადაც მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი სხვა რაიმე საბუთი მათ არ გააჩნდათ (ტომი 5, ს.ფ. 77).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განესაზღვრათ 10 დღის ვადა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სასამართლოს ხარჯებისაგან, ან გადაუვადოს გადახდა, თუკი წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დასახელებული ნორმები ზუსტად არ განსაზღვრავს, თუ რა სახის გარემოების დადასტურება შეიძლება გახდეს ხარჯებისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყოველი კონკრეტული შემთხვევის მახასიათებლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მან განიხილა აპელანტების შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შეაფასა შუამდგომლობების საფუძვლად მოყვანილი გარემოებები და დოკუმენტები, რაზეც გამოტანილ იქნა 2010 წლის 25 მარტისა და 2010 წლის 26 აპრილის განჩინებები. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 24 მაისის შუამდგომლობით არ ყოფილა მითითებული ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარეთა ქონებრივ შესაძლებლობებზე კიდევ ერთხელ მსჯელობის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა (ტომი 5, ს.ფ. 89-91).

2010 წლის 30 ივნისს თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება. განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს კვლავ ემსჯელა მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ, ვინაიდან მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი სხვა რაიმე საბუთი მათ არ გააჩნდათ (ტომი 5, ს.ფ. 94).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტებს _ თ.Yხ-იასა და მ. კ-შვილს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. აღნიშნული დროისათვის მათ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2010 წლის 30 ივნისის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადებისა და ხარვეზის შევსებულად ცნობის შესახებ. განცხადების შესაბამისად, მ. კ-შვილი და თ. ხ-ია არიან პენსიონერები, არ გააჩნიათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით.

სააპელაციო სასამართლო აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მხარე შესაძლებელია, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან გადაუვადდეს მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუ წარმოდგენილი იქნება უტყუარი მტკიცებულებები გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით.

კონკრეტულ შემთხვევაში ირკვეოდა, რომ შუამდგომლობის ავტორს არ წარუდგენია რაიმე დამატებითი შუამდგომლობა, რის საფუძველზეც სასამართლო შეძლებდა, ემსჯელა აპელანტების ქონებრივ მდგომარეობაზე. საქმეში არსებული მასალების შეფასება იძლეოდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ არ არსებობდა აპელანტების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადაიხადეს ბაჟი 1 500 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 256). ამჯერად, მათი შუამდგომლობა ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ისინი იყვნენ პენსიონერები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მხრივ მათი მდგომარეობა ისეთივე იყო, როგორიც საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვისას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ აპელანტების ქონებრივი მდგომარეობა საუარესოდ შეიცვალა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ისეთ პირობებში, როდესაც აპელანტები თავიანთი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდნენ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებით, იმავდროულად საქმის მასალების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, მ. კ-შვილი და თ. ხ-ია წარმოადგენდნენ თბილისში, ... ქ. ¹41-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს (ტომი 2, ს.ფ. 7, 13), არ არსებობდა ამ პირების გადახდისუუნაროდ მიჩნევის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს (ტომი 5, ს.ფ. 104-106).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. კ-შვილმა და თ. ხ-იამ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება და სააპელაციო სასამართლოსათვის მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება.

კერძო საჩივრის ავტორები თავიანთი მოთხოვნას შემდეგნაირად ასაბუთებენ:

მ. კ-შვილი არის პენსიონერი. გარდა პენსიისა, მას სხვა შემოსავალი არ გააჩნია. რაც შეეხება თ. ხ-იას, ისიც პენსიონერია. ამასთან, სახლის დაზიანებამდე მას ბინის ნაწილი გაქირავებული ჰქონდა ნოტარიუსზე, ხოლო სარდაფი _ რესტორანზე, საიდანაც იღებდა გარკვეულ შემოსავალს. სახლის დაზიანების გამო აღნიშნული შესაძლებლობა მოესპო.

კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ შუამდგომლობას არ გაიზიარებს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან არ გაათავისუფლებს, მოესპობათ შესაძლებლობა სასამართლო წესით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. ასეთ ვითარებაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-8 მუხლით აღიარებული ყოველი ადამიანის უფლება, ეფექტურად აღიდგინოს კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებით უფლებები კონსტუტუციის ან კანონების მიერ მინიჭებული ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში (ტომი 5, ს.ფ. 108-109).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-შვილისა და თ. ხ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალების თანახმად, აპელანტებს _ თ. ხ-იასა და მ. კ-შვილს მათი შუამდგომლობების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.03.2010წ., 26.04.2010წ. და 3.06.2010წ. განჩინებებით სამჯერ გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა; მათვე არაერთხელ განემარტათ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მიუხედავად ამისა, აპელანტებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლიდან გამომდინარე, მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

რაც შეეხება აპელანტების სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით სასამართლო ხარჯებისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამგვარი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მხარემ სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად წარმოჩინდება მისი გადახდისუუნარობა. მოცემულ შემთხვევაში თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც განთავსებულია ს.ფ. 13-დან ს.ფ. 32-ის (ტომი 5) ჩათვლით და რომლებითაც ისინი ცდილობენ დაასაბუთონ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, არ იძლევა საფუძველს მათი გადახდისუუნაროდ მიჩნევისათვის. დასახელებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ თ. ხ-ია და მ. კ-შვილი წარმოადგენენ პენსიონერებს; თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებით მ. კ-შვილი არ იმყოფება აღრიცხვაზე ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ისანი-სამგორის, ძველი თბილისისა და დიდგორის განყოფილებაში; “თ. ხ-იამ” შეწყვიტა ფუნქციონირება 2009 წლის 15 ივნისიდან; შპს “აგრომშენსერვისი” თბილისში, ... ქ. ¹41-ში მდებარე სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს 2009 წლის 1 ივნისიდან და ა.შ., თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული არასაკმარისია მათი რეალური ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად. საგულისხმოა, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 1 500 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 256-257), ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მანამდე არაერთხელ გაითვალისწინა აპელანტების მიერ ხარვეზის შევსების ვადაში სასამართლოსადმი ანალოგიური მიმართვები და მათ შესაბამისად თ. ხ-აიასა და მ. კ-შვილს დამატებით არაერთხელ მისცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-შვილისა და თ. ხ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.