საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.01.2021
საქმის ნომერი
2კ-732აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117001965548

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №732აპ-18 ქ. თბილისი

ტ–ე ლ., 732აპ-18 25 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ლ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ტ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განაჩენით ლ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ლ. ტ–ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რის საფუძველზეც მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.

ლ. ტ–ე, რომელიც ითვლებოდა ნასამართლევად, 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მივიდა ...........ის რაიონის სოფელ ..........ში მდებარე ფ. ხ–ის სასურსათო მაღაზიაში. მან ფ. ხ–ს მოსთხოვა 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ყავა „...“, ასევე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა 50-ლარიანი კუპიურის ხურდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ლ. ტ–ემ ამოიღო 50 ლარიანი კუპიურა და დამატებით - 70 თეთრი, რაც მოათავსა მაღაზიაში არსებულ ელექტროსასწორზე. ამავდროულად, ფ. ხ–მ მას გაუწოდა მოთხოვნილი ყავა და ხურდა - 45 ლარი. ვინაიდან ლ. ტ–ეს სურდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ფ. ხ–ის კუთვნილ ფულად თანხას და ყავას, ფ. ხ–ს ხელიდან გამოსტაცა 45 ლარი, შემდეგ ელექტროსასწორიდან სწრაფად აიღო მის მიერ დადებული 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო დახლიდან - 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ერთი ქილა ყავა „...“ და მაღაზიის წინ მდგარი „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რის შედეგადაც 50 ლარის ზიანი მიაყენა ფ. ხ–ს.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით ლ. ტ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ლ. ტ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის N1/92-2017 განჩინებით მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები. შესაბამისად, ლ. ტ–ეს უნდა დაუბრუნდეს სასამართლოში წარდგენილი პირადობის მოწმობა.

გამართლებულ ლ. ტ–ეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და გასაჩივრებული განაჩენით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა.

8. სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში ლ. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ( მსჯავრდებულის) სასარგებლოდ (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

10. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ლ. ტ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე