დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.12.2010
საქმის ნომერი
ას-958-901-2010
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-958-901-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ოვი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი-ევა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ი-ევას სარჩელი ნ. ყ-ოვის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ოვმა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ყ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება საფოსტო გზავნილით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს 2010 წლის 1 ნოემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ყ-ოვის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ნ. ყ-ოვს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 1 ნოემბერს (იხ. ს.ფ.78).

2010 წლის 16 ნოემბერს ნ. ყ-ოვმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 2 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 8 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ყ-ოვმა ხარვეზი გამოასწორა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ ყ-ოვის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს ბასტი სარდაროვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.