დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.02.2021
საქმის ნომერი
2კ-103-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210141121004271713

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1031-21 23 თებერვალი, 2021 წელი

კ–ი ე., 1031-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ–ს საკასაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით ე. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 (ოთხი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით ე. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ე. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 10 ნოემბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. 2021 წლის 18 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ე. კ–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ე. კ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი - მსჯავრდებული ე. კ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. კ–ი როგორც სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით, ისე - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითაც, რომელთა მიმართაც, მართალია, ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ პირველი განაჩენის შემთხვევაში მას სასჯელი დანიშნული ჰქონდა დანაშაულთა ერთობლიობით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ასევე - იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ერთიანი სასჯელის სახით, ხოლო მეორე განაჩენის შემთხვევაში ასევე დანაშაულთა ერთობლიობით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ასევე - იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - ამ შემთხვევაშიც ერთიანი სასჯელის სახით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე განაჩენით მას ერთიანი სასჯელი შეფარდებული აქვს მათ შორის - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო, ვინაიდან მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათს, მის მიმართ მართებულად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი